გერმანელი არქიტექტორები და მხატვრები

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის არქიტექტურის ისტორიაში გერმანელი არქიტექტორების მიერ შეტანილი წვლილი უდიდესია. ისეთი არქიტექტორები, როგორიცაა ალბერტ ზალცმანი (1833–1897), ლეოპოლდ ბილფელდი (1838–1922), პაულ შტერნი, ოტო სიმონსონი, იოჰან დიცმანი და სხვა თბილისის არქიტექტურის ისტორიისაგან განუყოფელია.

L_Bielfeld_upd_01
ლეოპოლდ ბილფელდი (1838–1922)

მათ დიდწილად განაპირობეს ახალი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურული სახე. გერმანელი არქიტექტორების მიერ აშენებული შენობებიდან აღსანიშნავია ვ. შრეტერის ოპერის თეატრი, ლ. ბილფელდის ქვაშვეთის ტაძარი, ვენცელის სასტუმრო და ლიკანის სასახლე, ო. სიმონსონის მეფისნაცვლის სასახლე, კლასიკური გიმნაზიის შენობა, პ. შტერნის დღევანდელი თბილისის საკრებულოს შენობა.


თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი. არქ. ვ. შრეტერი

ქვაშვეთის ტაძარი. არქ. ლ. ბილფელდი

ლიკანის სასახლე. არქ. ლ. ბილფელდი

Alte Kirche_update_01გერმანულა ტაძარი თბილისში, 19ტე საუპუნა, არქიტექტორი ლ. ბილფელდი

მეფისნაცვლის სასახლე, არქ. ო. სიმონსონი

კლასიკური გიმნაზიის შენობა. არქ. ო. სიმონსონი

თბილისის საკრებულოს შენობა. არქ. პ. შტერნი.

უაღრესად საინტერესოა გერმანელი არქიტექტორების მიერ თბილისში აშენებული საცხოვრებელი სახლები. სწორედ აქ ჩანს ევროპული არქიტექტურული სტილების შერწყმა ადგილობრივ ტრადიციასთან. ისინი ითვალისწინებდნენ თბილისის უძველეს უბნებში ჩამოყალიბებული თბილისური ეზოიანი და აივნიანი სახლების არქიტექტურულ სახეს, ამდიდრებდნენ ფასადებს ევროპული არქიტექტურული რეპერტუარით და თბილისური ტიპის საცხოვრებელ სახლებს აგებდნენ – თბილისური ეზოებით, თბილისური აივნებით, ხის გადახურული კიბეებით და სხ.

აქ აგრეთვე უნდა აღინიშნოს არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი (1860-1907), რომელიც დაიბადა პეტერბურგში პოლონურ-გერმანულ ოჯახში. იგი სწავლობდა ძალიან ცნობილ კარლ მაის გერმანულ გიმნაზიაში. თბილისში მის მიერ აგებული შენობებიდან გამოირჩევა რუსთაველის სახელობის თეატრი, აბრეშუმის მუზეუმი, უმაღლესი სასამართლოს შენობა, თბილისის კონსერვატორია და დღევანდელი გერმანიის საელჩოს შენობა. იგი იყო ლუთერული აღმსარებლობის და დაკრძალულია გერმანულ სასაფლაოზე, იქ, სადაც ახლა “შერიგების” ლუთერული ეკლესიაა.


რუსთაველის თეატრი. არქ. ა. შიმკევიჩი

გერმანელი მხატვრების ყველაზე ადრინდელი ხსენება თარიღდება 1784 წლით, როდესაც საქართველოში ყოფნისას გერმანელმა პორტრეტისტმა იოზეფ ჰეტინგმა დახატა უკანასკნელი ქართველი მეფის გიორგი XII პორტრეტი. ცოლ-ქმარი პაულ და ელენე ფრანკენები XIX საუკუნის შუა წლებში ლატვიიდან ჩამოვიდნენ თბილისში. მხატვარი რიჰარდ ზომერი სანქტ-პეტერბურგის მხატვართა საზოგადოების წევრი იყო, როდესაც ერთ-ერთი არქეოლოგიური კომისიის დავალებით 1890–1900 წლებში პირველად ჩამოვიდა ამიერკავკასიაში. იგი იყო გატაცებული აღმოსავლური ექზოტიკით და ეთნოგრაფიული სიუჟეტებით. 1912 წელს დასახლდა თბილისში და დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად (ლადო გუდიაშვილი იყო მისი ყველაზე ცნობილი მოწაფე).

თბილისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებლის გუსტავ რადეს ინიციატივით გერმანელმა მხატვარმა მაქს ტილკემ შემოიარა საქართველოს ყველა კუთხე და შექმნა 83 მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომლებშიც აღბეჭდილია მრავალნაირი ეთნოგრაფიულად მნიშვნელოვანი სამოსი.


აღსანიშნავია ცნობილი ბატალისტის პ. ჰორშელდის მოღვაწეობა. გერმანელი კოლონისტების შთამომავალი იყო ოსკარ შმერლინგი. მის შემოქმედებაში არის პორტრეტები, პეიზაჟები, ბატალური სცენები. იგი იყო საბავშვო ლიტერატურის შესანიშნავი ილუსტრატორი და გამოჩენილი კარიკატურისტი. მან შექმნა სახასიათო კოლორიტული ტიპაჟების მთელი სერია. დიდი ხნის განმავლობაში იყო ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი და სამხატვრო აკადემიის გახსნისთანავე გახდა მისი პროფესორი. ალექსანდრე ზალცმანი იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. იგი დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა ფერწერის სკოლაში. შესანიშნავი მრავალმხრივი თეატრალური მხატვარი იყო ირინა შტენბერგი. თბილისელი გერმანელი იყო ბორის ფოგელი, რომელმაც შექმნა შესანიშნავი პეიზაჟები, ჩანახატები, ძველი თბილისის ნახატები. შემდგომში იგი მოღვაწეობდა ევროპაში.

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский