გერმანელი კოლონისტები საქართველოში

რუსეთის იმპერიაში გერმანელების გადმოსახლება დაიწყო 1763 წლის ეკატერინე II ცნობილი მანიფესტის შემდეგ. ეს იყო საჭირო უზარმაზარი ახლად დაპყრობილი ტერიტორიების ასათვისებლად, ვინაიდან ბატონყმობისOპირობებში ამ ტერიტორიების დასახლება შეუძლებელი იყო. ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უცხოელები, რომლებსაც ეძლეოდათ მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთები, გარანტირებული ჰქონდათ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება, განთავისუფლება სამხედრო მოვალეობისაგან და 10 წლით ყოველგვარი გადასახადებებისაგან. მიწა ეძლეოდათ კოლონისტებს სამუდამოდ მემკვიდრეობით მფლობელობაში, მაგრამ არა როგორც პირადი საკუთრება, არამედ ყოველი კოლონიის საერთო საკუთრება. იურიდიულად კოლონისტები გათანაბრებულები იყვნენ სახელმწიფო გლეხებთან. ამ მანიფესტის შედეგად რუსეთში ჩამოვიდნენ პირველ რიგში გერმანელები და ნაკლებად ჰოლანდიელები და შვედები.

ალექსანდრე I 1804 წლის მანიფესტის თანახმად კოლონისტები უფრო მკაცრ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდნენ: მათ უნდა სცოდნოდათ მევენახეობა, მეაბრეშუმეობა ან უნდა სცოდნოდათ რაიმე ხელობა, ჰქონოდათ გარკვეული საკუთრება და ჰყოლოდათ ცოლი და შვილები. საქართველოში გერმანელები გადმოასახლეს გენერალ ერმოლოვის თაოსნობით. ძირითადად ესენი იყვნენ ოჯახები ბადენ-ვიურტემბერგიდან, რომლებმაც გადაიტანეს ნაპოლეონის შემოსევა, პოლიტიკური არეულობა, შიმშილი და რელიგიური დევნა. მომავალ კოლონისტებს ჰქონდათ კიდევ ერთი მიზეზი, რათა დაეტოვებინათ სამშობლო. 1815 წლის აპრილში ინდონეზიაში მოხდა ვულკან ტამბორას ისტორიაში ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა, რის შედეგადაც ვულკანური ფერფლის ხშირი ღრუბლების გამო 1816 წელს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში დამყარდა ე.წ. “ვულკანური ზამთარი”, ე.ი. 1816 წელს ფაქტიურად არ იყო ზაფხული. ამის შედეგად იყო საშინელი მოუსავლიანობა და შიმშილი. გარდა ამისა, კოლონისტებს შორის იყვნენ ე.წ. სეპარატისტები, რომლებიც ლუთერულ ეკლესიას განუდგნენ და აპირებდნენ შემდგომში წმინდა მიწაზე, ე.ი. პალესტინაში, გადასახლებას, რათა იქ შეხვედროდნენ მეორედ მოსვლას და “ათასწლოვან სამეფოს”. აღსანიშნავია, რომ 1817-1820 წლებში ჩამოსახლებულ კოლონისტებს შორის 53% გადმოსახლების მიზეზად ასახელებდა შიმშილს და მხოლოდ 21% – რელიგიურ ოცნებებს. დანარჩენებმა მიზეზად დაასახელა შრომისმოწყობის უკეთესი პერსპექტივები.
90-დღიანი მგზავრობის შემდეგ ოდესის, ყირიმის და ჩრდილოეთ კავკასიის გავლით ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში. 1819 წლის დასასრულს აღმოსავლეთ საქართველოში დაარსდა 6 კოლონია:

1. მარიენფელდი – სართიჭალაში;
2. ნოი ტიფლისი კუკიაზე, იმ დროს ქალაქის გარეუბანში;
3. ალექსანდერდორფი – მტკვრის მარცხენა ნაპირას, დიდუბეში;
4. პეტერსდორფი –სართიჭალას მახლობლად;
5. ელიზაბეტტალი – დღევანდელი ასურეთი;
6. კატარინენფელდი – დღევანდელი ბოლნისი.

3.-karta_best_V02
კოლონისტები ზამთრის დამდეგს ჩამოვიდნენ და გამოიზამთრეს მიწურებში. 20-30 წლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ააშენეს ორსართულიანი, იშვიათად სამსართულიანი, მასიური შენობები. ეს იყო ქვის სახლები თავისი ვერანდებით, აივნებით, დახურული შიდა ეზოებით და ღვინის მარნებით, რომლებიც წარმოადგენდნენ სამხრეთ გერმანული და კავკასიური საქალაქო არქიტექტურის ნარევს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამიერკავკასიის ყოველ გერმანულ კოლონიაში იყო ერთი ან რამდენიმე სწორად დაგეგმილი ფართო ე.წ. მთავარი ქუჩა, რომლებიც ერთმანეთს პერპენდიკულარულად უფრო ვიწრო ქუჩებით უერთდებოდნენ. კოლონიის შუაგულში მდებარეობდა მოზრდილი მოედანი, სადაც განლაგებული იყო კოლონიის სამმართველო, ეკლესია, სკოლა, საზოგადოებრივი შენობები და მაღაზიები.

1842 წელს კიდევ 20 ოჯახი ჩამოვიდა გერმანიიდან და რუსეთიდან. ისინი აბასთუმნის მახლობლად დასახლდნენ და კოლონიას ფროიდენტალი დაარქვეს.


ელიზაბეტტალი

ალექსანდერჰილფი
საქართველოში კოლონისტების ყოველ ოჯახს 35 დესიატინა (ჰექტარი) მიწა გამოეყო.
კოლონისტების მხოლოდ მესამე თაობამ იგრძნო ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც დაიწყო XIX საუკუნის 70-ან წლებში ამიერკავკასიაში აგრარული რეფორმის შემდეგ. ეს აღმავლობა იყო დამატებითი მუშა ხელის გამოთავისუფლების შედეგი. ამავე დროს იყო გაშვებული ექსპლუატაციაში ბაქო-თბილისის და თბილისი-ფოთის რკინიგზა, რამაც გააადვილა პროდუქციის რეალიზაციის საკითხი. ამავე რეფორმით კოლონისტებს ჩამოერთვათ განსაკუთრებული უფლებები, თვითმმართველობა გაუუქმნდათ, სამხედრო ვალდებულებაც დაეკისრათ და გერმანული სკოლებიც რუსულ სახალხო სკოლებად გადააკეთეს. კოლონისტები მისდევდნენ ძირითადად მევენახეობას და მეცხოველეობას. გადმოცემით კარტოფილი საქართველოში შემოიტანეს გერმანელებმა. მათ აგრეთვე ზოგიერთი პროდუქტის (სხვადასხვა სახის ძეხვეულის, შვეიცარული ყველის, ლუდის) საქართველოში დამზადების ტრადიციასაც ჩაუყარეს საფუძველი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში კოლონისტების რამდენიმე მსხვილი მეურნეობა შეიქმნა (კუჩენბახის, ფორერის, ფოგელის და სხვა).
კუკიაზე დასახლებული კოლონისტების ძირითადი საქმიანობა ხელოსნობა იყო. მათი ნაწარმი კარგად საღდებოდა. განსაკუთრებით მათ მიერ დამზადებული ოთხთვალა ეტლები. 1903 წლამდე გერმანული კოლონიები ექვემდებარებოდნენ უშუალოდ კავკასიის სახელმწიფო უმაღლეს ხელისუფლებას, რამაც, სავარაუდოა, დიდ მნიშვნელოვნად განაპირობა მათი განვითარება, რადგან გერმანული კოლონიები ყოველთვის იყვნენ „საჩვენებელი ობიექტები“ ბაქოში ან სპარსეთში მიმავალი ჩინოვნიკებისა და უცხოელ მოგზაურთათვის.

სეპარატისტებმა, რომლებიც აპირებდნენ საქართველოდან პალესტინაში გადასახლებას, 1843 წელს მთავრობის მხარდაჭერით გააგზავნეს პალესტინაში სამი ემისარი. ესენი დაბრუნდნენ იქიდან იმ აზრით, რომ იქ დასახლება შეუძლებელი იყო მიწის უნაყოფობის და ბედუინების განუწყვეტელი თარეშის გამო. ამის შემდეგ სეპარატისტები კვლავ დაუბრუნდნენ ლუთერულ ეკლესიას.

ბრესტის ზავის თანახმად 1918 წელს თურქეთს გადაეცა ყარსი, არდაგანი და ბათუმი. თურქები ამას არ დასჯერდნენ და მთელი ამიერკავკასიის დაკავებას ცდილობდნენ. ამის შესაჩერებლად საქართველოში იყო მოწვეული გერმანიის ჯარები, რომლებიც შემოვიდნენ 1918 წლის მაისში. გერმანიას იმ მომენტში თურქების შემაჩერებელი როლი უნდა ეთამაშა. გერმანელთა სარდლობამ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე გამოაცხადა იქ მცხოვრები ყველა გერმანელი და სამხედრო ტყვეები სამხედრო ვალდებულად და მოახდინა მათი მობილიზაცია. გერმანელების ჩარევა თურქეთის მხარემ უკანონოდ ჩათვალა, მაგრამ ძლიერი პარტნიორისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბოლომდე ვერ შეძლო. საქართველო თურქეთის ოკუპაციას გადაურჩა.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას, ისევე როგორც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, საქართველოში მცხოვრები გერმანელებიც უარყოფითად შეხვდნენ. რადგან კოლონისტებს მიწა მხოლოდ მემკვიდრეობითი სარგებლობის უფლებით ჰქონდათ გადაცემული და არა საკუთრებაში, ვინც დადგენილ ფართობზე მეტს ფლობდა, იძულებული შეიქმნა „ზედმეტი“ ფართობი ღარიბი გლეხებისათვის გადაეცა. 1930 წელს კოლონიების კოლექტივიზაციასთან ერთად კოლონისტების მიერ შექმნილი ერთობებიც დაიშალა. კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგეები დააპატიმრეს.

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский