გერმანელი მწერლები

ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია გერმანელ მწერალს და პუბლიცისტს არტურ ლაისტს, რომელიც დაიბადა 1852 წელს ბრესლაუში. მრავალი ენის მცოდნე და ნიჭიერი პუბლიცისტი ადრე დაინტერესდა ქართველი ხალხითა და მისი ისტორიით. 1881 წელს იტალიაში მოგზაურობისას გაეცნო ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის თაყვანისმცემელს – გერმანელ მწერალს ფ. ბოდენშტედს და მისი რჩევით საბოლოოდ გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა. სწორედ ამ მიზნით არტურ ლაისტი დაუკავშირდა ნ. ნიკოლაძეს, Dდ. ერისთავს, ა. წერეთელს.
ა. ლაისტს აინტერესებდა ქართულ ყოფასთან, ლიტერატურასთან
შეხების მეტი წერტილები გამოეძებნა, რაშიც დახმარება სთხოვა აკაკის. ამ ურთიერთობის შედეგად მოჰყვა 1883 წელს გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული ა. ლაისტის წერილი „მივიწყებული ლიტერატურა“.
არტურ ლაისტი პირველად ჩამოვიდა საქართველოში 1884 წელს ილია ჭავჭავაძის მოწვევით. ამ ვიზიტს მოჰყვა ლაიფციგში დაბეჭდილი წიგნი “საქართველო – ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა”.


არტურ ლაისტი

არტურ ლაისტი თბილისში მეორედ ჩამოვიდა 1885 წელს და ი. ჭავჭავაძის, ი. მაჩაბელის, ა. წერეთელის და დ. ერისთავის მეშვეობით თარგმნა გერმანულზე „ვეფხისტყაოსანი”, და ეს იყო პირველი თარგმანი ევროპულ ენაზე. მან თარგმნა აგრეთვე ქართული პოეზიის ანთოლოგია. 1892 წლიდან სამუდამოდ დასახლდა თბილისში. აქვე იქორწინა თბილისელ გერმანელ ქალზე – მარია ბაიტლინგერზე. ა. ლაისტის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: “ქართველი ხალხი”, “ქართველი პოეტები”, “საქართველო”. 1906 წელს მდიდარმა მეწარმემ კარლ ფონ კუჩენბახმა დააარსა თბილისში გერმანული გაზეთი “კაუკაზიშე პოსტი”, რომლის რედაქტორად დანიშნა არტურ ლაისტი. 1908 წლიდან გაზეთის მფლობელიც და რედაქტორიც არტურ ლაისტია.


1918 წელს მას იწვევენ ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად.
ლაისტი გარდაიცვალა 1927 წელს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრობდა პირველი ქალი – მშვიდობის ნობელის პრემიის 1905 წლის ლაურეატი, გამოჩენილი ავსტრიელი მწერალი და პაციფისტი ბერტა ფონ ზუტნერი. იგი თავის ქმართან – არტურ ფონ ზუტნერთან ერთად დადიანის ოჯახის მიწვევით ჩამოვიდა საქართველოში. ცხოვრობდნენ ზუგდიდში, ქუთაისში და თბილისში, ირჩენდნენ თავს ენების და მუსიკის გაკვეთილებით. ბერტა ფონ ზუტნერის ყველაზე ცნობილი რომანია „ძირს იარაღი“ (1899).


ბერტა ფონ ზუტნერი

ბერტა ფონ ზუტნერი – საფოსტო მარკა

იმავდროულად იგი იყო გამოჩენილი და ავტორიტეტული პიროვნება საერთაშორისო პაციფისტურ მოძრაობაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი მეგობრობდა Aდა თანამშრომლობდა ალფრედ ნობელთან.

ასოციაცია “აინუნგი-”ს წევრმა ქალბატონმა დიანა კესნერმა დაწერა და გამოაქვეყნა რუსულად კანადაში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, საინტერესო ტრილოგია „ტიფლისის საგა”. ეს ნაწარმოები მოიცავს პერიოდს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან და მთავრდება „პიროვნების კულტის” დამთავრებასთან ერთად.


დიანა კესნერი

ეს წიგნები მიეკუთვნება მემუარულ ლიტერატურას და ჩაფიქრებულია, როგორც ლიტერატურული კინოსცენარი. სამივე წიგნის სიუჟეტების ცენტრშია მისი ბაბუის ფრანც კესნერის ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლები.

ტრილოგიის პირველი წიგნია “ადამიანები წარსულიდან”. მასში აღწერილია თბილისის საზოგადოება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან პირველ მსოფლიო ომამდე. წიგნში იმდროინდელ მმართველ საზოგადოებასთან ერთად, როგორებიც იყვნენ მეფისნაცვლები და ქართული თავადაზნაურობის გამოჩენილი წარმომადგენლები, გამოყვანილია ისეთი პერსონაჟები, როგორც ალექსანდრე დიუმა, რომელიც იმ დროს მოგზაურობდა კავკასიაში, თბილისში ჩამოსული პეტრე ჩაიკოვსკი, ფეოდორ შალიაპინი, რომელმაც თავისი მუსიკალური კარიერა სწორედ თბილისში დაიწყო და მას კესნერის ოჯახთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ცალკე თავია “გერმანული კვალი ქართულ მიწაზე”. ცხადია, წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თბილისის მუსიკალურ საზოგადოებას. ამიტომაც წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის მუზეუმში. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ძირითადად ისტორიული პერსონაჟები მოქმედებენ, წიგნი არ შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ კვლევად ან დოკუმენტად. თვით ავტორი მიუთითებს, რომ აქ გარკვეული მცირე დოზით არის ფანტაზიაც. როგორც აღნიშნავს ავტორი, მემუარულ თხრობაში ხშირად არის ის, რასაც ჩვეულებრივ ვერ იპოვით ოფიციალურ ისტორიაში.

ტრილოგიის მეორე წიგნი – “ეს ძველი, ძველი ტფილისი” აღწერს დროს მე-2 მსოფლიო ომის დაწყებამდე. ეს პერიოდი ემთხვევა ავტორის ბავშვობის წლებს, რომლებიც ძალიან კარგად არის აღწერილი ძველი თბილისის შესანიშნავად დახატულ ცხოვრების კოლორიტულ ფონზე. აქ ისევ ვხვდებით მუსიკალურ საზოგადოებას, ძველი თბილისის ოსტატურად დახატულ ცნობილ ფიგურებს – კინტოებს, “სტარიოვშჩიკებს”, მოხეტიალე მომღერლებს, ბოშა მკითხავებს, რომლებიც უფროსი თაობისათვის ესოდენ ნაცნობნი არიან. აქ აღწერილია ნამდვილი თბილისური ეზოს ცხოვრება, თავისი კარგით და თავისი ვნებებით.

ყველაზე საინტერესოა მესამე წიგნი – „სიცოცხლის გზები”. მასში აღწერილია საქართველოს გერმანელების მძიმე ხვედრი მეორე მსოფლიო ომის დროს და მომდევნო პერიოდში, სანამ გრძელდებოდა მთელი სისასტიკით საბჭოთა რეპრესიები. ბავშვის და შემდეგ უკვე ქალიშვილის თვალით დანახული დეპორტაცია და ყაზახეთში ცხოვრება საშინელ პირობებში. საინტერესოა, რომ იმავე დასახლებაში იყვნენ პოლონეთიდან საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისში გადასახლებული ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებთანაც გერმანელ დეპორტირებულებს ჰქონდათ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება. აქ ბევრი რამეა აღწერილი, რაც ალბათ ისტორიკოსებისთვისაც იქნებოდა საინტერესო. ერთი ნაწყვეტი ამ წიგნიდან მოყვანილია ამ საიტის თავში, რომელიც ეძღვნება დეპორტაციას. კესნერის ოჯახმა მოახერხა ეტაპობრივად, ფაქტიურად არალეგალურად, გადასვლა ალმა-ატაში და ბოლოს თბილისში. თბილისში დიანა კესნერმა დაიწყო სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც მასთან ერთად სწავლობდნენ ქართული სცენის მომავალი ვარსკვლავები: რამაზ ჩხიკვაძე, ლეილა აბაშიძე, გურამ საღარაძე და სხ., მათ ჰყავდათ გამოჩენილი პედაგოგები – დოდო ალექსიძე და მიხეილ თუმანიშვილი. კესნერის სწავლა იყო შეწყვეტილი დაპატიმრებით. წიგნში აღწერილია ციხის და მისი „მობინადრეების” საშინელი ყოფა. წიგნი დაწერილია ცოცხალი ლიტერატურული ენით, ბევრია იუმორი.

ქ. კესნერს აგრეთვე აქვს გამოქვეყნებული წიგნი “სიყვარულის აღიარება”, რომელიც მიძღვნილია თეატრალური ინსტიტუტის თანაკურსელების და პედაგოგებისადმი. საინტერესოა აგრეთვე მისი რომანი „სამხრეთის აეროპორტი”, სადაც აღწერილია მისი მუშაობა თბილისის აეროპორტის კულტურის კლუბის ხელმძღვანელად.

დ. კესნერის ნაწარმოებებში საინტერესო ისიცაა, რომ აქ ქართული საზოგადოება აღწერილია თბილისში გაზრდილი, მაგრამ წარმოშობით გერმანელი ქალის თვალებით.

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский