გერმანელი ფიზიკოსები საქართველოში

ატომური იარაღის შექმნის შესაძლებლობა გახდა ნათელი ჰანისა და შტრასმანის ფუნდამენტალური შრომების შემდეგ, რომლებშიც იყო აღმოჩენილი ურანის ბირთვის გაყოფა ნეიტრონული დასხივების შედეგად, რასაც მოჰყვება დიდი ენერგიის და 2-3 ნეიტრონის გამოყოფა. ეს იძლეოდა ჯაჭვური რეაქციის განვითარების შესაძლებლობას, რომელიც მხოლოდ U235 იზოტოპზე მიმდინარეობს. ბუნებრივი ურანი შეიცავს ამ იზოტოპის მხოლოდ 0,7 %.
სამუშაოები ატომური იარაღის შექმნაზე ყველაზე ადრე დაიწყო გერმანიაში. მათ უწოდებდნენ „ურანის ჰროექტს“, და მათ ფორმალურალ კურირებდა ფოსტის მინისტრი. Aამ სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ ვერნერ ჰაიზენბერგი, კარლ-ფრიდრიხ ფონ ვაიცზეკერი და კურტ დიბნერი. Hჰაიზენბერგი არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიზიკოსი, ფონ ვაიცზეკერი იყო გფრ-ის მომავალი პრეზიდენტის რიჰარდ ფონ ვაიცზეკერის ძმა, ასევე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ბირთვულ ფიზიკაში მომუშავე ფიზიკოსი. ომის შემდეგ იგი იყო მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. მრავალი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ გერმანიაში ბირთვული იარაღი არ იყო შექმნილი არა მათი ფიზიკოსების შეცდომების გამო, არამედ იმიტომ, რომ „ურანის პროექტის“ ხელმძღვანელები შეუმჩნევლად აფერხებდნენ სამუშაოებს. ზუსტად ცნობილია, რომ ომის დასაწყისში ჰაიზენბერგი შეხვდა კოპენჰაგენში თავის მასწავლებელს ნილს ბორს და ეცადა იმის შეთანხმებას, რომ ორივე მხრიდან ფიზიკოსებს არ შეექმნათ ატომური იარაღი. შამწუხაროდ, ბორი არ ენდო მას, და შეთანხმება არ შესდგა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც აშშ-ი და ასევე საბჭოთა კავშირში ფიზიკოსებმა მიაქციეს ყურადღება იმას, რომ გერმანიაში აღარ ქვეყნდებოდა სამეცნიერო შრომები ბირთვულ ფიზიკაში. ამან გააჩინა იმის ეჭვი, რომ გერმანიაში შესაძლოა მუშაობდნენ ბირთვული იარაღის შექმნაზე.
ამერიკაში ატომურ იარაღზე მუშაობა დაიწყო ალბერტ აინშტაინის აშშ-ს პრეზიდენტისადმი 1940 წლის წერილის შემდეგ. როგორც ცნობილია, ამერიკელებმა, რომელთანაც ერთად მუშაობდნენ აშშ-ი ევროპიდან ემიგრირებული ფიზიკოსები, პირველებმა შექმნეს ატომური იარაღი და ჩამოაგდეს ბომბები ხიროსიმასა და ნაგასაკაზე.
ომის დამთავრებისას, როდესაც საბჭოთა ჯარი აღმოსავლეთიდან და ამერიკულ -ინგლისური დასავლეთიდან შევიდნენ გერმანიაში, დაიწყო ნადირობა გერმანელ სპეციალისტებზე, და პირველ რიგში მათზე, ვინც მუშაობდა რაკეტული ტექნიკის და ბირთვული ფიზიკის დარგში. ამერიკელებმა მოახერხეს ფონ ბრაუნის შეპყრობა, რომელიც შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღანელობდა აშშ-ი რაკეტული ტექნიკის სამუშაოებს. მათ ჩაბარდნენ ასევე ჰაიზენბერგი და ფონ ვაიცზეკერი. საბჭოთა არმიას ჩაუვარდა ხელში ფაუ-2 (V-2) რაკეტები, რომლებიც დაედო საფუძვლად საბჭოთა რაკეტულ ტექნიკას. გარდა ამისა მათ ჩაუვარდათ ხელთ რამდენიმე ცნობილი ფიზიკოსი, რომლებზეც ქვემოთ იქნება საუბარი.
აკადემიკოსი იგორ კურჩატოვი, რომელიც იყო საბჭოთა ატომური იარაღის დარგში სამუშაოების სამეცნიერო ხელმძღანელი, სავსებით გარკვეულად აღნიშნავდა: პირველი საბჭოთა ატომური იარაღის შექმნაში დამსახურების ორმოცდაათი პროცენტი მიუძღვის საბჭოთა დაზვერვას და ორმოცდაათი – მეცნიერებს. პრინციპში 1945 წლის დასაწყისში საბჭოთა მეცნიერები ფლობდნენ ძირითად ინფორმაციას ატომუტი ბომბის შესახებ, და თითქოს მათ არაფერი უშლიდათ ხელს აეწყოთ ის სექტემბერში. მაგრამ ამის გაკეთება იყო შეუძლებელი: არ არსებობდა საჭირო სამეცნიერო და სამრეწველო ბაზა, არ იყო საკმარისი რაოდენობით ურანის ნედლეული, და რაც მთავარია, მცირე იყო იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც ერკვეოდნენ იმ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებში, რომლებიც იყო გადასაწყვეტი. ახლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ატომური ბომბის საიდუმლო აღარ არსებობს, მაგრამ როგორი სიძნელეებით ირანი ქმნის ატომურ იარაღს მიუხედავად მსოფლიო საზოგადოების წინააღმდეგობისა.
ომის მომდევნო პირველივე წელიწადში საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს ათასობით გერმანელი მეცნიერი, რომლებიც მესამე რაიხში მუშაობდნენ ურანის პროექტზე. მეცნიერების გარდა საბჭოთა კავშირში აგზავნიდნენ ინჟინრებს, მექანიკოსებს, ელექტროტექნიკოსებს, მინათმბერავებს და სხვა სპეციალისტებს. სხვადასხვა მონაცემებით საბჭოთა ატომურ პროექტში მონაწილეობდა შვიდი ათასი, რომელთაგან სამასი მუშაობდა სოხუმში, და სარაკეტოში სამი ათასი გერმანელი სპეციალისტი.
1945 წელს გერმანელი ფიზიკოსების განკარგულებაში აფხაზეთში გადასცეს სანატორიუმები „სინოპი“ და „აგუძერა“. ასე დაარსდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც მაშინ შედიოდა საბჭოთა კავშირის ზესაიდუმლო ობიექტების სისტემაში. Oობიექტს „А“ ხელმძღვანეკობდა ბარონი ფონ არდენე (1907-1997).


ბარონი მანფრედ ფონ არდენე


ბარონი მანფრედ ფონ არდენე ზემო სვანეთში

მსოფლიო მეცნიერებაში ის არის ლეგენდარული პიროვნება: ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ელექტრონული მიკროსკოპების და სხვა ხელსაწყოების გამომგონებელი. ერთ-ერთი თათბირის დროს ბერიას უნდოდა ფონ არდენესათვის ატომური პროექტის ხელმძღვანელობა დაევალებინა. თვით ფონ არდენე ასე იგონებს ამ თათბირს: „მოსაფიქრებლად არ მქონდა ათ წამზე მეტი დრო. ჩემი პასუხი იყო: ასეთ უმნიშვნელოვანეს წინადადებას მე ვიხილავ როგორც უდიდეს პატივს ჩემს მიმართ, რადგან ეს არის აგრეთვე უდიდესი ნდობა ჩემი ნიჭისა. ამ პრობლემას აქვს ორი სხვადასხვა მიმართულება: 1. თვით ატომურ ბომბზე მუშაობა და 2. გაყოფადი U235-ის ინდუსტრიალური მასშტაბებით მიღების მეთოდების დამუშავება. იზოტოპების განცალკევება არის ცალკე და ძალიან ძნელი პრობლემა. ამიტომ მე გთავაზობთ, რომ ჩვენი ინსტიტუტი და გერმანელი სპეციალისტები მუშაობდნენ მხოლოდ იზოტოპების განცალკევებაზე, და აქ დამსწრე საბჭოთა კავშირის ბირთვული ფიზიკის წამყვანი მეცნიერები შეასრულებენ თავის სამშობლოსათვის ბომბის შექმნის დიდ სამუშაოს“. ბერიამ მიიღო ეს წინადადება. მრავალი წლის შემდეგ, ერთ-ერთ სახელმწიფო მიღებაზე, როდესაც მანფრედ ფონ არდენე წარუდგინეს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ხრუშოვს, მას ჰქონდა ასეთი რეაქცია: „ა, თქვენ ის არდენე ხართ, რომელმაც ოსტატურად გამოაძვრო კისერი მარყუჟიდან“. ფონ არდენე შემდგომში აფასებდა თავის წვლილს ატომური პრობლემის გადაწყვეტაში როგორც „უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელთანაც მე მიმიყვანა ომისშემდგომმა ვითარებამ“.
1995 წელს მას მისცეს უფლება წასულიყო საცხოვრებლად გდრ-ში, სადაც იგი ჩაუდგა სათავეში დრეზდენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს.
სანატორიუმ “აგუძერა”-მ მიიღო პირობითი დასახელება ობიექტი „Г“. მას ხელმძღვანელობდა გუსტავ ჰერცი (1887-1975), რომელიც იყო ჩვენთვის სკოლიდან ცნობილ ჰაინრიხ ჰერცის ძმისშვილი. გუსტავ ჰერცმა 1925 წელს მიიღო ნობელის პრემია ელექტრონისა და ატომის შეჯახების კანონის აღმოჩენისათვის – ცნობილი ფრანკ-ჰერცის ცდა. 1945 წელს გუსტავ ჰერცი იყო ერთ-ერთი პირველი გერმანელი ფიზიკოსი, რომელიც ჩამოიყვანეს საბჭოთა კავშირში. ის იყო ერთადერთი უცხოელი ნობელის პრემიის მფლობელი, რომელიც მუშაობდა საბჭოთა კავშირში. ისევე, როგორც სხვა გერმანელი ფიზიკოსი, იგი ცხოვრობდა ზღვისპირა სახლში, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი. 1955 წელს იგი წავიდა გდრ-ში. იგი იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, და შემდგომში უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.
ფონ არდენეს და გუსტავ ჰერცის ძირითადი ამოცანა იყო ურანის იზოტოპების განცალკევების სხვადასხვა მეთოდების მოძებნა. ფონ არდენემ შექმნა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი მას-სპექტრომეტრი. ჰერცმა წარმატებით გააუმჯობესა იზოტოპების განცალკევების საკუთარი მეთოდი, რამაც გახადა შესაძლებელი დანერგილიყო ეს პროცესი სამრეწველო მასშტაბით.
სოხუმის ობიექტზე ჩამოიყვანეს აგრეთვე სხვა გამოჩენილი მეცნიერები, მათ შორის ფიზიკოსი და რადიოქიმიკოსი ნიკოლაუს რილი (1901-1991). მას ეძახდნენ ნიკოლაი ვასილიევიჩს. იგი დაიბადა პეტერბურგში გერმანელის ოჯახში. მამამისი იყო ფირმა „სიმენს და ჰალსკე“ს მთავარი ინჟინერი. დედამისი იყო რუსი, და ამიტომ ნიკოლაუსი ბავშვობიდან ფლობდა გერმანულ და რუსულ ენებს. მან მიიღო შესანიშნავი ტექნიკური განათლება – ჯერ პეტერბურგში და შემდგომ, ოჯახის გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, ბერლინის კაიზერ ფრიდრიხ ვილჰელმის (შემდგომში ჰუმბოლტის) უნივერსიტეტში. 1927 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია რადიოქიმიაში. მისი ხელმძღვანელები იყვნენ შემდგომში ძალიან ცნობილი მეცნიერები: ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ლიზა მაიტნერი და რადიოქიმიკოსი ოტო ჰანი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იგი ხელმძღვანელობდა ფირმა „აუერგეზელშაფტი“ს რადიოლოგიურ ლაბორატორიას, სადაც მან გამოიჩინა თავი როგორც ენერგიულმა და ძალიან ნიჭიერმა ექსპერიმენტატორმა. ომის დასაწყისში იგი გამოიძახეს სამხედრო სამინისტროში, სადაც შესთავაზეს ჩართულიყო ურანის წარმოებაში. 1945 წლის მაისში რილი თვითონ მივიდა ბერლინში მივლინებულ საბჭოთა ემისარებთან. მეცნიერმა, რომელიც ითვლებოდა რაიხში რეაქტორებისათვის გამდიდრებული ურანის წარმოების მთავარ სპეციალისტად, მიუთითა, სად იმყოფებოდა ამისათვის საჭირო მოწყობილობა. მისი ფრაგმენტები (ბერლინის მახლობლობაში მდებარე ქარხანა იყო დაბომბვებით დანგრეული) დაშალეს და გააგზავნეს საბჭოთა კავშირში. იქვე გააგზავნეს ნაპოვნი ურანის შენაერთების 300 ტონა. ითვლება, რომ ამან ატომური ბომბის შექმნაში დაუზოგა საბჭოთა კავშირს წელიწად-წელიწადნახევარი –1945 წლამდე იგორ კურჩატოვის განკარგულებაში იყო ურანის ჟანგის მხოლოდ 7 ტონა. რილის ხელმძღვანელობით მოსკოვის მახლობლობაში მყოფი ქარხანა „ელექტროსტალ“-ი იყო გარდაქმნილი სხმული მეტალური ურანის წარმოებისათვის.
განსაკუთრებულ „სოხუმის სიაში“ ფიგურირებს აგრეთვე მაქს ფოლმერი (1885-1965). ომამდე იგი იყო ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და შემდეგ ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორი და ფიზიკური ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით აიგო საბჭოთა კავშირში პირველი დანადგარი მძიმე წყლის წარმოებისათვის. შემდგომში გდრ-ში დაბრუნების შემდეგ მაქს ფოლმერი გახდა გდრ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
ასევე უნდა ვახსენოთ ურანის იზოტოპების განცალკევების ცენტრიფუგის შემქმნელი მაქს შტეენბეკი, რომელიც გერმანიაში დაბრუნებისას გახდა ბირთვული თემატიკის კვლევების ხელმძღვანელი და გდრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მასთან ერთად სოხუმში მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ცენტრიფუგაზე პირველი პატენტის მფლობელი გერნოტ ციპე.
გერმანიიდან სოხუმში მოდიოდნენ მოწყობილობებით დატვირთული ეშელონები. ოთხიდან სამი გერმანული ციკლოტრონი ჩამოიტანეს საბჭოთა კავშირში, აგრეთვე მძლავრი მაგნიტები, ელექტრონული მიკროსკოპები, ოსცილოგრაფები, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები, ზუსტი ხელსაწყოები და სხ. საბჭოთა კავშირში ჩამოიტანეს აპარატურა ქიმიისა და მეტალურგიის ინსტიტუტიდან, კაიზერ ვილჰელმის ფიზიკური ინსტიტუტიდან, „სიმენსის“ ელექტროტექნიკური ლაბორატორიებიდან, გერმანიის ფოსტის სამინისტროს ფიზიკის ინსტიტუტიდან.
დასასრულს გთავაზობთ გარკვეულ ინფორმაციას საბჭოთა ატომური ბომბის მუშაობის შესახებ. როგორც ცნობილია, ბომბზე მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა დაეკისრა ლავრენტი ბერიას. ბერიამ შესთავაზა პეტრე კაპიცას, საბჭოთა კავშირის ყველაზე ავტორიტეტულ ფიზიკოსს, მისი მოადგილედ დანიშვნა. ბერიასთან ვიზიტის დროს კაპიცამ განუცხადა მას: “მე თქვენი შრომები ფიზიკაში არ წამიკითხავს და თქვენ ჩემი, მაგრამ მიზეზი სხვადასხვაა“. ასეთი სიტყვებისათვის ნებისმიერ სხვას დახვრეტდნენ, მაგრამ ასეთი ავტორიტეტული მეცნიერის ხელის ხლება ვერ გაბედეს, და იგი ჰყავდათ აგარაკზე, საშინაო პატიმრობაში, სადაც ის ახერხებდა მეცნიერულ მუშაობას.
პროექტის მეცნიერ ხელმძღვანელად დაინიშნა იგორ კურჩატოვი, რომელიც იყო უეჭველად გამოჩენილი ფიზიკოსი. Aის ყოველთვის აკვირვებდა თავის თანამშრომლებს არაჩვეულებრივი „მეცნიერული გამჭრიახობით“, და როგორც შემდგომში გაირკვა, მან ხომ საიდუმლოების დიდი ნაწილი იცოდა დაზვერვის მონაცემებიდან, მაგრამ არ ჰქონდა ამის თქმის უფლება. ხელმძღვანელობის მეთოდზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგი ეპიზოდიდან, რომელიც მოყოლილია აკადემიკოს ისააკ კიკოინის მიერ. ერთ-ერთ თათბირზე საბჭოთა მეცნიერებებთან ბერიამ იკითხა, თუ რამდენი დრო დასჭირდებოდა რაღაცა პრობლემის გადაწყვეტას. მას უპასუხეს – ექვსი თვე. პასუხი იყო: „ან თქვენ მას გადაწყვეტთ ერთ თვეში, ან იმუშავებთ იგივე პრობლემაზე გაცილებით უფრო დაშორებულ ადგილებში“. რა თქმა უნდა, დავალება იყო შესრულებული ერთ თვეში. მაგრამ ხელისუფლება არ იშურებდა სახსრებს და ჯილდოებს. ძალიან ბევრმა, მათ შორის გერმანელმა მეცნიერებმა, მიიღეს სტალინური პრემიები, აგარაკები, ავტომობილები და სხვა ჯილდოები. ნიკოლაუს რილი იყო ერთად-ერთი უცხოელი მეცნიერი, რომელმაც მიიღო სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
გერმანელმა მეცნიერებმა შეასრულეს დიდი როლი მათთან მომუშავე ქართველი ფიზიკოსების აღზრდაში.
სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე გასაიდუმლებული ობიექტების რიცხვში, შემდგომში ატარებდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელს.
აფხაზეთში ომის დამთავრებისას მრავალი თანამშრომელი იყო იძულებული გამოქცეოდა სოხუმიდან. ინსტიტუტი გაიყო ორ ნაწილად – ერთი თბილისში, მეორე – სოხუმში.

* * *

P.S. ჩვენ მივიღეთ საინტერესო გამოხმაურება ბატონ ვოლფგანგ მიულერისაგან ავსტრალიიდან ჩვენ ამ მასალაზე. ამ გამოხმაურებას გთავაზობთ ავტორის ნებართვით. ნაწყვეტები ბატონ ვოლფგანგ მიულერის წერილებიდან:

ძვირფასო ბატონო აუგსტ,

გულითადი სალამი სიდნეიდან. მე ახლახან წავიკითხე თქვენი სტატია გერმანელ მკვლევარებზე  და სამხედრო ტყვეებზე სოხუმში, რომელიც ჩემთვის არის ძალიან საინტერესო, რადგან ჩემი სამი და-ძმა და მეც იქ დავიბადეთ.

ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა ბანაკ აგუძერაში.  იქ დაიბადა მისი ყველა შვილი. ჩვენი მშობლები 1955 წლამდე მონაწილეობდნენ რუსეთის ატომურ კვლევებში. ჩვენი დედა – როგორც პროფ. გუსტავ ჰერცის მდივანი, მამა –  იზოტოპების განცალკევებაში, როგორც მაღალი ვაკუუმის ინჟინერი. ბავშვობაში მე ვთამაშობდი გადმუშავებული ურანის ნარჩენებში,  რომელიც, რუსული დაუდევრობით, ეყარა პირდაპირ ქუჩის ნაპირებზე. მაშინ გარემოს დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება იყო ჯერ დაბალი.

ჩემი თავი მე მახსოვს იმ დროიდან, როდესაც მე მოვინახულე დედაჩემი “საავადმყოფოში”  1953 წლის სექტემბერში, ყველაზე უმცროსი ძმის ოლაფის დაბადების შემდეგ.

საავადმყეფო მდებარეობდა ბანაკის გარეთ. ჩვენ, მამასთან ერთად, მოგვიხდა ფეხით საკმაოდ დიდი მანძილის გავლა. საავადმყოფო წარმოადგენდა უბრალო აგურის შენობას, აქერცლილი საღებავით და პატარა, ბაღლინჯოებით სავსე ოთახებით. დედა  თავს ცუდად გრძნობდა და მე ის ძალიან მეცოდებოდა. ის იყო ძალიან გამხდარი, რადგან ტუსაღობაში საკვებით მომარაგება იყო ცუდი. ჩვენ, ბავშვებიც, ვიყავით დაუძლურებულები. რა თქმა უნდა, ჩვილებისათვის კვებაც არ იყო.  მე ვაკვირდებოდი ერთ რუს ქალს, რომელიც ღეჭავდა პურის ლუკმას და შემდეგ აძლევდა მას თავის ჩვილს. და სხვა რანაირად უნდა მოქცეულიყო?

ბანაკი აგუძერა მდებარეობდა შავი ზღვის გავწვრივ მდებარე ტრასის მონაკვეთზე. შუაში იყო ინსტიტუტი, რომელშიც მუშაობდნენ ჩემი მშობლები, მისგან ცოტა მოშორებით იყო მაღაზია, რომლის თაროებიც ჩვეულებრივ იყო ცარიელი, და გარდა ამისა,  უნდა მდგარიყავი რიგში.

ბანაკის მცველებს ჰქონდათ საკუთარი საცხოვრებელი. შესვლისას და გამოსვლისას უნდა გაგევლო შლაგბაუმთან. ხუთი წლის ასაკიდან მე დავდიოდი  მეზობელ სოფელში რუსულ სკოლაში. გზაზე მე ზოგჯერ მცემდნენ სოფლის ბავშვები. მე ხომ მტრის შვილი ვიყავი! მაგრამ სკოლის მასწავლებლები კარგად მებრყობებოდნენ, და ჩემი ნიშნები ყოველთვის იყო “ფრიადი”. რუსულად ვლაპარაკობდი თავისუფლად. მამაჩემი მეხმარებოდა მათემატიკაში. იქამდე დავდიოდი საბავშვო ბაღში, რომელშიც სხვა ბასშვები ჩემთან არ თამაშობდნენ. მეგობრები მე თითქმის არ მყავდა – ეს ხომ არასასურველი იყო რუსი მშობლებისათვის. მაგრამ საბავშო ბაღის აღმზრდელებს მე ვეცოდებოდი, შესაძლოა იმის გამოც, რომ მე ვიყავი ძალიან გამხდარი. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მე ხშირად მაიძულებდნენ უმი კვერცხის ამოწოწნას, რაც მე ძალიან მეჯავრებოდა, მაგრამ, შესაძლოა, სწორედ ამან შემინარჩუნა სიცოცხლე. საბავშვო ბაღის დამთავრებისას მე მივიღე წითელი ვარსკვლავი ჩემს ბეწვის ქუდზე. მე ხომ ამაზე ისე ვოცნებობდი! როგორც იქნა, მეც  გავხდი  როგორც ყველა, და  ვამაყობდი, როგორც არასდროს. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ, შემდგომში, ცხოვრების მანძილზე, მე მივიღე ჯვარი “გფრ წინაშე დამსახურებისათვის”, მაგრამ წითელი ვარსკვლავი იყო ყველაზე სასურველი ჯილდო. როდესაც შემდგომში 1953 წელს გავიგე სტალინის გარდაცვალების შესახებ, ვიყავი გულწრფელად დამწუხრებული. აი, როგორ შეიძლება შეცდე ცხოვრებაში!

ბანაკში ჩვენ ვცხოვრობდით ხის “ფინურ სახლში”. ის მდებარეობდა მწკვრივში ბანაკის ქუჩაზე, შუშაბანდიდან ხედით შავ ზღვაზე. იქიდან ჩემი მშობლები,  და-ძმები და მე ვაკვირდებოდით შავ ზღვაზე ავდარის წარმოშობას. ის იყო უაღრესად მღელვარე სანახაობა.

1955 წლის მაისში ეს ცხოვრება უეცრად დამთავრდა, მოხდა ბანაკის ლიკვიდაცია და ჩვენ ყველანი უნდა წავსულიყავით გერმანიაში. მე მაშინ ვიყავი 8 წლის.

კარგად მახსოვს როგორ  უხეშად აშორებდნენ ჯარისკაცები ერთმანეთს გერმანელ კაცებს მათ რუს ცოლ-შვილებს. ეს იყო გულშემზარავი სანახაობა.  ჩვენი მოგზაურობა მატარებლით დამთავრდა გდრ–ში (დაპირებული იყო დასავლეთი გერმანია, მაგრამ მატარებელი იქამდე არ მივიდა).  გზაში გვქონდა გაჩერება მოსკოვში, სადაც სატვირთო მანქანით გავიარეთ წითელი მოედანი. მახსოვს,  გზაში როგორ დავინახეთ კრემლი და ლენინის მავზოლეუმი.  ჩემი ოჯახი შემდგომში გაიპარა ბერლინიდან დასავლეთ გერმანიაში და ამერიკელების დახმარებით გადავსახლდით ფრანკფურტში.

გერმანიაში ჩვენ ყველაფერი უნდა დაგვეწყო ნულიდან, და მე პირველად შეგნებულად უნდა მესწალა გერმანული ენა. მაგრამ ბავშვები ამას სწრაფად ახერხებენ. დღეს ჩემი ცხოვრების პირველი რვა წელი არის ძალიან შორეული მოგონება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მაქვს სურვილი კიდევ ერთხელ მოვინახულო აგუძერა და სოხუმი. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არ არის  მარტივი.

მოგესალმებით ზამთრის სიდნეიდან,

ვოლფგანგ მიულერი

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский