დეპორტაცია. რეაბილიტაცია

1941 წელს, გერმანიასთან ომის დაწყების შემდეგ, დაიწყო ეტაპობრივად ციმბირსა და ყაზახეთში გერმანელების მასობრივი დეპორტაცია საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილიდან. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1941 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით საქართველოდან ყაზახეთში უნდა გადაესახლებინათ 23.580, აზერბაიჯანიდან 22.741 და სომხეთიდან 212 ადამიანი.

გადასახლებას გადაურჩნენ მხოლოდ გერმანელი ქალები, რომლებიც იყვნენ დაქორწინებულნი სხვა ეროვნების მამაკაცებთან. ამის გარდა იყო სია, რომლის თანახმად საქართველოში უნდა დაეჭირათ 1.000 გერმანელი. გადასახლება იყო დაგეგმილი 15- დან 30 ოქტომბრამდე. 1942 წლის 14 თებერვლის ბრძანებით 17–50 წლამდე გერმანელი მამაკაცები გაიწვიეს ე.წ. შრომით არმიაში. ამის შემდეგ იმავე წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით შრომით არმიაში დამატებით გაიწვიეს 15–16 და 51–55 წლის მამაკაცები. გაწვეულებიდან ბევრი დაიღუპა შრომით არმიაში მუშაობის და ცხოვრების აუტანელი პირობების გამო. გადასახლება და შრომით არმიაში ყოფნა აღწერილია მრავალ დოკუმენტებზე დაყრდნობით ს.ვ. ოტლენის (ოთარ კაპანაძის ფსევდონიმი) წიგნში “დრო-ჟამს არ ირჩევენ”, და მაღალ მხატვრულ დონეზე ქალბატონ დიანა კესნერის ნაწარმოებში „სიცოცხლის გზები” (ორივე რუსულად).


ამ ნაწარმოებში აღწერილია პროფესორ კესნერის, რომლის შვილიშვილიც ის არის, შთამომავლების გადასახლება, ყაზახეთში ცსოვრება, საქართველოში ნახევარ ლეგალურად დაბრუნება, მისი სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში და დაპატიმრება.

შრომით არმიაში გაწვევის საშინელი შემთხვევა მოყოლილია დ. კესნერის წიგნში.
„გადასახლების მე-3 წლის ბოლოს ბედისწერამ მეც მომაკითხა. მოვიდა განკარგულება: ორივე სქესის ყველა ახალგაზრდა უნდა გააგზავნონ მაღაროებში „მაიკან ზოლოტო”. ნაცნობი პატარა გემი “8 თებერვალი” ქშინავდა სოფლიდან სოფლამდე და კრებავდა, უფრო სწორედ ართმევდა ბავშვებს თავის მშობლებს. ამ საშინელებას განკარგავდნენ განსაკუთრებული დანიშნულების ომახიანი ოფიცრები.
სემიარსკის სიებში ჩემი გვარიც იყო მითითებული. მე გადავწყვიტე თვითონ მეშველა ჩემი თავისთვის. დედაჩემის მდუმარე თანხმობით მე შევიპარე ძველ, სოფლის ნაპირას მიტოვებულ სახლში, რომელსაც ადგილობრივები “სახლს მოჩვენებებით“ ეძახდნენ… გათენებისას დაიწყო დამქანცავი დღე, რომლის ყოველი წუთი სავსე იყო ბადრაგის მოლოდინში. ბოლოს და ბოლოს ვეღარ გაუძელი და გამოვედი ჩემი ნებაყოფლობითი საპატიმროდან და ყველას თვალწინ გავიქეცი ირტიშისკენ. ტალღებს უკვე მოჰქონდათ ყინული. მე პირდაპირ გადავეშვი ყინულიან წყალში მხოლოდ ერთი ფიქრით – უნდა გავხდე ავად, ახლავე, ამწუთასვე! ოღონდ 40 ტემპერატურა! მე ხომ სუსტი და ნაზი ვარ, უცბად უნდა გავხდე ავად. ავადმყოფს არ წამიყვანენ. მე დავრჩები.
მირტყამდნენ საკმაოდ დიდი ყინულის ლოდები. მე საერთოდ არაფერს არ ვგრძნობდი. როგორც იქნა, ამოვედი ქვაზე და ვიდექი სუსხიან ქარზე იმდენ ხანს, რამდენსაც გაუძლო ჩემმა ნებისყოფამ. ჩემი დაძონძილი კაბა უკვე იქცა ყინულად. შიშველი ფეხები და ხელები დამიბუჟდა და გამიშავდა. რამდენ ხანს ვიყავი იქ, არ მახსოვს. ვიღაც ნაცნობმა დამინახა და შინისკენ სირბილით გამაგდო. მძიმე ფილტვების ანთებამ დიდი ხნით მიმაჯაჭვა ლოგინთან… შემდგომში გავიგე, რომ ჩემი ადგილი სიაში დაიკავა სხვა გოგომ, ჩემზე ცოტა უმცროსმა. როგორც კი გემი გავიდა მდინარის შუაში, ის ნაპირთან მყოფთ და მშობლების თვალწინ გადახტა წყალში და დაიღუპა”.

ასოციაციის კიდევ ერთმა წევრმა ფრიდა მაიერ-მელიკოვამ დაწერა და გამოსცა გერმანულად მოგონებები „ცხოვრება პოლიტიკის წისქვილის ქვებს შორის”.

ქალბატონი ფ. მაიერ-მელიკოვა არის 30-ან წლებში დახვრეტილი პასტორ რიჰარდ მაიერის შვილი, თვითონაც იყო რეპრესირებული, ამჟამად არის 100 წელს გადაცილებული და ცხოვრობს გერმანიაში.

მხოლოდ 1972 წელს გაცემული არაოფიციალური ბრძანების მიხედვით მიეცათ დეპორტირებულებს საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება, მაგრამ ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისთვის საჭირო იყო სპეციალური დამატებითი ნებართვა.

სტალინური რეპრესიები შეეხო ძალიან ბევრ ადამიანს, რომელთა რაოდენობასაც სპეცსამსახურები დღემდე არ აქვეყნებენ. ძალიან ბევრი ქართველი იყო რეპრესირებული, განსაკუთრებით ინტელიგენცია. საქართველოში რეპრესირებულ ერებს გერმანელების გარდა მიეკუთვნებიან თურქი მესხები, ნაწილობრივ ბერძნები, სპარსელები და ასურელები. რეალური რეაბილიტაცია დაიწყო მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში. 1997 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესიტებულთა სოციალური დაცვის შესახებ“. მაგრამ ამ კანონის პირველ მუხლში იყო ორი ფაქტიურად ურთიერთ გამომრიცხავი დებულება:
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს საქართველოს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის ოქტომბრამდე.
3. ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.

ეს ბოლო დაპირება დღემდე არ შესრულდა და ასოციაცია „აინუნგ“-ს დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რათა ეს კანონი ამოქმედებულიყო აგრეთვე ეთნიკური ნიშნით დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

ამ კანონის თანახმად რეპრესიების მსხვერპლებს დაენიშნათ ომის ინვალიდებისათვის განსაზღვრულის ტოლი პენსია, რაც იმ დროს შეადგენდა 49 ლარს და ეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა ჩვეულებრივ პენსიას. ამასთან იყო გათვალისწინებული მრავალი შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე. სამწუხაროდ, ეს პენსია არ არის ჯეროვნად ინდექსირებული და ამჟამად ჩვეულებრივ პენსიაზე ნაკლებია, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება საარსებო მინიმუმს. ყველა შეღავათები მხოლოდ 7-ლარიანი „კომპენსაციით” შეიცვალა.

ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ასე გამოიყურება:
3. რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით.
ეს პუნქტიც არ არის შესრულებული.
ამის გამო ძმებმა კილაძეებმა, რომლებმაც რეპრესიების შედეგად დაკარგეს ორივე მშობელი, შეიტანეს სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, და სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ ძმებ კილაძეებს, თვითეულს, კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს 4.000 ევრო.

2 თებერვლის გადაწყვეტილებაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შენიშნავს, რომ მისთვიხ უცნობია მიზეზი, რატომ ვერ შეძლო საქართველომ 11 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რეპრესირებულთათვის კომპენსაციის საკითხზე ეზრუნა. იმის გამო, რომ ძმები კილაძეების მდგომარეობაში საქართველოში კიდევ ათასობით ადამიანი იმყოფება, სტრასბურგის სასამართლო ქვეყანას ავალდებულებს, ეს საკანონმდებლო ხარვეზი რაც შეიძლება მალე შეავსოს.

ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრის დირექტორის, პროფესორ ფილიპ ლიჩის თქმით, სწორედ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უმთავრესი ასპექტი:

“სასამართლოს თანახმად, საქმის განხილვისას ითქვა, რომ საქართველოში 600-დან 16.000-მდე პირია, რომელსაც, შესაძლოა, კომპენსაცია მიესადაგოს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ზუსტია ეს რიცხვები. სასამართლომ საქართველოს მთავრობის მისამართით კრიტიკაც გამოთქვა იმის გამო, რომ მან არ წარმოადგინა იმ ადამიანთა ზუსტი მონაცემები, რომლებსაც შეიძლება ეს კომპენსაცია შეეხოს. სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ მთავრობამ (კომპენსაციის შესახებ) კანონი უნდა მიიღოს და ამისათვის შესაბამისი ბიუჯეტიც უნდა განსაზღვროს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს პირდაპირ ავალდებულებს ამას “.

ზოგადად, 1990-იან წლებში გაფორმებული არაერთი შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთი მიიჩნევა. შესაბამისად, საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოშიც, მიმდინარე რეპრესიებისათვის პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ, მასაც ეკისრება.

“საქართველოს სახელმწიფომ, როცა 1997 წელს ეს კანონი მიიღო, თავის თავზე აიღო ვალდებულება – არ უთქვამს, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა, და მე პასუხისმგებლობას თავიდან ვიშორებო. მან აიღო ეს თავის თავზე და თქვა, რომ სოციალურ გარანტიებს სთავაზობდა რეპრესიების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და, გარდა ამისა, ქონებრივი კომპენსაციითაც უზრუნველყოფდა” – ამბობს თამარ ხიდაშელი და განაგრძობს: ”არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, ცხადია, იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა ასევე საქართველოს ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან. გასაგებია, რომ დირექტივა მოსკოვიდან მოდიოდა – თუმცა, არა მგონია, რომ ყველა შემთხვევაში ასე ყოფილიყო“.

2011 წლის მაისში გამოვიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს 1997 წლის კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ფულადი კომპენსაციის ოდენობას იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით ადგენს სასამართლო.

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский