200 წელი ევანგელიურ–ლუთერული ეკლესიის თბილისში

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ასოციაცია “აინუნგი”–ს სახელით. წელს საქართველოს გერმანელები აღნიშნავენ დიდ საერთაშორისო ზეიმს – ლუთერული ეკლესიის დაარსებიდან 500 წლის იუბილეს და საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის 200 წლის იუბილეს. აგრეთვე მომავალ წელს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე, რომელთანაც გერმანულ სათვისტომოს ჰქონდა უშუალო კავშირი. მოგილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან საზეიმო თარიღებს.

მოკლე მოხსენებაში შეუძლებელია ისაუბრო  გერმანელების საქართველოში ყველა დამსახურებაზე. მე მოგახსენებთ ჩემი, ცხადია სუბიექტური გადასახედიდან, რამდენიმე საკითხს. ზოგადად რომ ვთქვათ, გერმანელების ძირითადი დამსახურებაა საქართველოში გერმანული ენის გავრცელებაში, კადრების აღზრდაში და ევროპული კულტურის პოპულარიზაციაში.

მე შევეცდები ძირითადად იმაზე ვილიპარაკო, რაც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისათვის. პირველ რიგში ის, რაც ეხება გერმანელების გადმოსახლებას ბადენ–ვიურტენბერგიდან საქართველოში. ცნობილია, რომ იქ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ე.წ. სეპარატისტები, რომლებიც განუდგნენ ლუთერულ ეკლესიას. მათ სჯეროდათ სამყაროს სწრაფი დასასრულის და უნდოდათ ამას წმინდა მიწაზე შეხვედროდნენ – პალესტინაში ან არარატის მახლობლობაში. ბევრი მათგანი ამიერკავკასიაში გადმოსახლებას განიხილავდა, როგორც შუალედურ მდგომარეობას. მაგრამ იმ დროს დაემთხვა 1816 წლის ძალიან ცუდი ზაფხული; მას უწოდებდნენ წელს ზაფხულის გარეშე – განუწყვეტლივ მოდიოდა წვიმა და იყო საშინელი მოუსავლიანობა. ეს აღწერილია გერმანელების გადმოსახლების შესახებ არსებულ ლიტერატურაში, მაგრამ არსად არ არის მითითებული, რომ 1815 წლის მაისში ინდონეზიაში მოხდა ვულკან “ტამბორა”–ს ამოფრქვევა, რომელიც ითვლება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერად. ამას მოჰყვა ე.წ. “ვულკანური ზამთარი”, რომელიც იყო იმის შედეგი, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტების თავზე გაჩნდა ვულკანური ფერფლის ღრუბელი და ამან გამოიწვია რამდენიმე წლით კლიმატის  ძლიერი ცვლილება.

ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად ძლიერი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა ამას იმ დროს რელიგიურ მოსახლეობაზე. არსებობს იმდროინდელი 1817–1820 წლების გამოკითხვის მონაცემები, რომელშიც გადმოსახლების ძირითად მიზეზად 53,1% –მა დაასახელა შიმშილი და მხოლოდ 25,1%– მა რელიგიური მოტივები. შემდგომში სეპარატისტებმა გააგზავნეს პალესტინაში ჯგუფი სამი კაცის შემადგენლობით იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია პალესტინაში დასახლება. ჯგუფმა გამოიტანა დასკვნა, რომ იქ ცხოვრება იყო შეუძლებელი მიწის დაბალი ნაყოფიერების და ბედუინების განუწყვეტელი თარეშის გამო.

უკვე 1819 წელს მარჯანიშვილის მოედანზე ააშენეს ხის პატარა  ეკლესია, რომელიც მალე დაიწვა და 1824 წლიდან ღვთის მსახურება მიმდინარეობდა ახლადაშენებულ აგურის ეკლესიაში.


1893 წლის 21 სექტემბრის გაზეთში “Тифлисский листок” არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 19  სექტემბერს ტიფლისში მიხეილოვის ქუჩაზე მოხდა “პეტრესა და პავლეს” სახელობის ახალი ევანგელურ–ლუთერული ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა. ეკლესია აშენდა არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტით და მშენებლობას აწარმოებდა არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი. იქვე მითითებულია, რომ იმ დროისათვის ტიფლისში ცხოვრობდა 2.000 ლუთერანი, თუ არ ჩავთლით მუშტაიდის იქით (ე.ი. ალექსანდერდორფის ანუ დიდუბის) მცხოვრებ კოლონიის მოსახლეობას. ჩემს სტატიაში, რომელიც დაბეჭდილია საიუბილეო გამოცემაში, საკმაოდ დეტალურად აღწერილია ეს საზეიმო ცერემონია, და მსურველებს შეუძლიათ წაიკითხონ.

საყდრის არქიტექტურა იყო გოთური. მისი სიმაღლე იყო 32 საჟენი (68,3 მეტრი) და სიგანე 6 საჟენი (12,8 მეტრი). გუმბათი იყო გრანიტის, დანარჩენი აგურის წყობა.

საინტერესოა, რომ გაზეთის ოგივე ნომერში დაბეჭდილია სტატია თბილისში მარტოხელა მოხუცებული ქალებისათვის თავშესაფრის გახსნაზე. ეს გააკეთა ევანგელურ–ლუთერულ  ეკლესიასთან არსებულ ქალთა საქველმოქმედო კომიტეტმა. ეკლესიის საბჭომ გამოუყო მათ საეკლესიო მიწის ნაკვეთი რეუტოვის ( მერკვილაძის, მაზნიაშვილის) ქუჩაზე, რომელზეც აშენდა ერთსართულიანი სახლი. თავშესაფარში იყო ექვსი ნათელი და ფართო ოთახი, დიდი სასადილო, სამზარეულო და სხვა სათავსოები. თითო ოთახში იყო ჩასახლებული ორი მოხუცი.

ეხლა მე მინდა გადავიდე სულ სხვა თემაზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშეს საქართველოში მცხოვრებმა გერმანელებმა საქართველოს ისტორიაში, კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. მომავალ წელს ჩვენ ვზეიმობთ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის 100–წლიან იუბილეს. ეს იყო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის გაგრძელება.

როგორც ცნობილია, ბოლშევიკური რუსეთი გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან. მათ დადეს ბრესტის საზავო ხელშეკრულება. ერთის მხრივ იყო რუსეთი, მეორე მხარეს გერმანია, ავსტრია და ოსმალეთის იმპერია. 1918 წლის მაისში დაიწყო ამ ხელშეკრულების აღსრულებისადმი მიძღნილი მოლაპარაკება გერმანიასა, ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის ფედერაციას შორის. ბრესტის ზავის თანახმად თურქეთს გადაეცა ყარსი, არდაგანი (არტაანი) და ბათუმის ოლქი, ანუ აჭარა. თურქეთს სურდა ისევ მოეპოვებინა 1828 წელს ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში მყოფი კავკასიის ტერიტორიები და ბაქომდე გაეფართოებინა თავის საზღვრები. მოლაპარაკება ჩაიშალა, ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა. საქართველომ გერმანიის აქტიური მხარდაჭერით 26 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ახლადშექმნილი სახელმწიფოს საზღვრების, მთავრობის და რკინიგზის დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღო გერმანიამ.

1918 წლის 23 ივნისს ფონ კრესსენშტაინი პირველი ესკადრონით მიადგა ფოთის ნავსადგურს ბაიერნის სარეზერვო–ეგერთა ბატალიონით. შემდგოში გერმანიმ შემოიყვანა სულ 20.000 მეტი ჯარისკაცი.

საინტერესოა, როგორ აღწერს ამ პროცესს ქართველი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართულ ჯარს აჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან 12 აპრილს მიიღო საქართველოს მთავრობის დეპეშა, რომელშიც მას ატყობინებდნენ, რომ საქართველოს მთავრობამ შეჰკრა პირობა გერმანიასთან, რის ძალითაც გერმანია არ მისცემს ნებას ოსმალეთს წინ წამოიწიოს. ამ დეპეშასთან ერთად მის განკარგულებაში იგზავნებოდა გერმანიის ქვეითი ჯარის  გუნდი ოფიცრის უფროსობით.  მაზნიაშვილს უნდა მიეცა ნებართვა გერმანელი ოფიცრისათვის, გამოეკიდა ნატანებში და ჩოლოკის ხიდზე გერმანული ბაირაღი. ჯარის ნაწილმა აგრეთვე დაიკავა სამტრედიის რკინიგზის სადგური, რათა თავი აერიდებინათ გერმანიის ჯარის რკინიგზით  ფოთიდან თბილისამდე ტრანსპორტირებისას არასასურველ ექსცესებისგან. ამის გარდა გერმანელი ოფიცერი გადავიდა ოსმალებთან და გამოუცხადა მათ, რომ იმ დროიდან საქართველოს ტერიტორია იმყოფებოდა გერმანიის ჯარების მფარველობის ქვეშ.  აქ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ომი გერმანიასთან შეწყდა სულ ცოტა ხნის წინ და თურქეთი იყო გერმანიის მოკავშირე. თურქეთმა ვერ გაბედა გერმანიასთან დაპირისპირება.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ სინამდვილეში ეს არ იყო გერმანიის ჯარი. ეს იყო საქართველოში მცხოვრები გერმანელების ლაშქარი, რომლებსაც ჩააცვეს გერმანიის სამხედრო ფორმა.  ჯერ კიდევ 1918 წლის თებერვალში ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობამ გასცა ოფიციალური ნებართვა ქართული კორპუსის შემადგენლობაში გერმანული ეროვნული პოლკის ჩამოყალიბებაზე. ამ პოლკის დანიშნულება იყო გერმანული კოლონიების სხვადასხვა ბანდებისგან დაცვა. მაზნიაშვილის მიერ აღწერილი მოვლენები საკმაოდ დიდი ხნით უსწრებს გერმანიის ოფიციალური ჯარის შემოსვლას.

ამრიგად ჩვენმა წინაპრებმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.

და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან გამოვიდა გენერალ მაზნიაშვილის წიგნის “მოგონებანი” მესამე გამოცემა. გირჩევთ წაიკითხოთ.

გარი აუგსტი

საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი”–ს პრეზიდენტი.

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский