პირველი მსოფლიო ომი. ბრესტის ზავი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

პირველმა მსოფლიო ომმა რუსეთის იმპერიის გერმანელებს მოუტანა თავის მასშტაბით უპრეცედენტო მობილიზაცია, არა მარტო შეიარაღებულ ძალებში, არამედ სახელმწიფო ლაშქარშიც. იმავე დროს ქვეყანაში არსებულმა ანტიგერმანულმა ისტერიამ, ეჭვიანობამ, რომლებმაც ღრმა ფესვები გაიდგეს რუსეთის ხელმძღვანელობაში და სამხედრო სარდლობაში, მოიტანეს ის, რომ პრაქტიკულად ყველა გერმანელი ახალწვეულები განიცდიდნენ დამამცირებელ დისკრიმინაციას. უკვე 1914 წლის შემოდგომიდან მათ აღარ აგზავნიდნენ დასავლეთ ფრონტებზე. ისინიც კი, რომლებიც მოხვდნენ აქ უფრო ადრე, იგზავნებოდნენ კავკასიურ ფრონტზე. სულ 1914–1915 წლების განმავლობაში დასავლეთის ფრონტებიდან კავკასიურზე იყო გადაყვანილი 17 ათასზე მეტი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ მათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აძლევდნენ იარაღს.

ამიერკავკასიაში 1917 წლის აპრილ–მაისში გერმანულ კოლონიებში შეიქმნა ადგილობრივი კომიტეტები. 14 მაისს თბილისში შესდგა ამიერკავკასიის გერმანული ეროვნების დელეგატების ყრილობა, რომელზეც შეიქმნა ამიერკავკასიის კომიტეტი ე. ბერნშტაინის ხელმძღვანელობით. ყრილობამ მხარი დაუჭირა სრულიად რუსეთის გერმანული ეროვნების მოქალაქეების კავშირის შექმნის იდეას; გამოთქვა მხარდაჭერის მზადყოფნა ომის დროს პოლონეთის სამეფოდან, ვოლინიდან და იმპერიის დასავლეთ სხვა ტერიტორიებიდან გადასახლებულ გერმანელების; განიხილა ამიერკავკასიის გერმანელების მონაწილეობის გეგმები დამფუძნებელი კრების მომდევნო არჩევნებში.

ამიერკავკასიაში მუშაობდა გერმანული ეროვნების მოქალაქეების კავკასიური კავშირი. 1917 წლის შემოდგომიდან მისი მოღვაწეობის ძირითადი ამოცანა იყო გერმანული მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. 1917 წლის 21–23 ოქტომბერს შემდგარმა კრებამ დაადგინა, რომ გერმანელ კოლონისტებს აქვთ უფლება შექმნან თავდაცვის რაზმები. 1918 წლის 2 თებერვალს ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობამ გასცა ოფიციალური ნებართვა ქართული კორპუსის შემადგენლობაში გერმანული ეროვნული პოლკის ჩამოყალიბებაზე, გერმანული კოლონიების სხვადასხვა ბანდების თადასხმისაგან დასაცავად.

1918 წლის 15 თებერვალს ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა გერმანული ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ გერმანული ეროვნების კავკასიური კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარეები. კავშირი გამოსცემდა გაზეთს “Kaukasische Post”–ს. საბჭოს სამხედრო სექცია ხელმძღვანელობდა გერმანულ პოლკს, რომლის შენაერთებიც იყვნენ განაწილებულები კოლონიებში. კავშირის წევრები ე. ბერნშტაინი და პ. ბიული იყვნენ არჩეულნი საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. შემდგონში ისინი გახდნენ საქრთველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის წევრები.

პროცესებს, რომლებიც თან ახლავდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ჩვენ აღვწერთ დ. შპრინჰორნის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა გერმანიის არქივებში არსებულ საბუთებს:

1918 წლის მაისში დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთს, გერმანიის იმპერიასა და ახლადდაარსებულ “ამიერკავკასიის ფედერაწიულ რესპუბლიკას” შორის. თურქეთს სურდა, ისევ მოეპოვებინა 1828 წელს ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში მყოფი კავკასიის ტერიტორიები და ბაქომდე გაეფართოებინა თავისი საზღვრები. ქართველებს, პირიქით, რეგიონში თავიანთი უპირატესობის განმტკიცება და თურქეთის ექსპანსიის შეჩერება უნდოდათ. გერმანიის განზრახვა კი ამიერკავკასიური სახელმწიფოს მოწყობა და რეგიონის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაკონტროლება იყო. როდესაც თურქები, ინგლისელების წინააღმდეგ ირანში ჯარების ტრანსპორტირების საბაბით, სამხრეთ კავკასიაში შემოვიდნენ და რუსულმა არმიამ უკან დაიხია, ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა. ნოე ჟორდანიამ ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და ბათუმში საიდუმლოდ შეხვდა გერმანელ გენერალ ფონ ლოსოვს, გერმანიის მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მოსამზადებლად.

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახლადშექმნილი სახელმწიფოს საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებლობა გერმანიამ აიღო და ამ მიზნით, გენერალ–კონსულ კრესს ფონ კრესსენშტაინის მეთაურობით, საქართველოში სამხედრო–დიპლომატიური მისია გამოგზავნა. ამის სანაცვლოდ კი საქართველოს მთავრობისგან მანგანუმის საბადოების ათვისებისა და მოპოვებული მადნეულით ვაჭრობის საგანგებო უფლებები, სარკინიგზო ხაზითა და ფოსტა– ტელეგრაფით სარგებლობის ნებართვა მოიპოვა.

1918 წლის 23 ივნისს ფონ კრესსენშტაინი პირველი ესკადრონით მოადგა ფოთის ნაპირებს. ბაიერნის სარეზერვო–ეგერთა ბატალიონის 1080 ოფიცერსა და რიგით ჯარისკაცს, პრუსიის მოიერიშე ბატალიონის 488 ოგიცერსა და რიგით ჯარისკაცს ქვეყნის შიგნით გამავალი სარკინიგზო ხაზის და მთავრობის დაცვა ევალებოდათ. იმავდროულად გამოაცხადეს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეების და გერმანელი კოლონისტების მობილიზაცია. 1918 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე კავკასიაში მყოფ გერმანელ სამხედროთა რიცხვი კიდევ 19.000 გაიზარდა. ამას ემატებოდა საველე ლაზარეთი, რადიოსადგური, მძიმე ავტომობილების კოლონა და საავიაციო განყოფილება.

საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ფონ კრესსენშტაინი აქ მწხოვრები გერმანული მოსახლეობის ინტერესებსაც იცავდა. გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით, მან ხელი შეუწყო თბილისში გერმანული რეალური გიმნაზიის დაარსებას, “Kaukasisce Post”–ის რედაქციას დაეხმარა ახალი თანამშრომლებისა და ფინანსური წყაროების მოძიებაში. მისი დამსახურებაა ისიც, რომ გერმანული დელეგაციის გამგზავრების შემდეგ, დოქტორ მერვაილერის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სამხედრო ლაზარეთი სამოქალაქო საავადმყოფოდ გადაკეთდა.

საინტერესოა, როგორ აღწერს იგივე პროწესებს ქართველი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი:

“12 აპრილის ღამის 3 საათზე შიკრიკმა გადმომცა მთავრობის დეპეშა, რომელშიც მატყობინებდნენ, რომ ჩვენმა მთავრობამ შეჰკრა პირობა გერმანიასთან, რის ძალითაც გერმანია არ მისცემს ნებას ოსმალეთს წინ წამოიწიოს, ამ დეპეშასთან ერთად ჩემ განკარგულებაში იგზავნებოდა გერმანეთის ქვეითი ჯარის გუნდი ოფიცრის უფროსობით.

მე უნდა მიმეცა ნებართვა გერმანელი ოფიცრისათვის, გამოეკიდა მას გერმანეთის ბაირაღი ჩოლოქის ხიდზე, აგრეთვე უნდა მიმეცა მისთვის საშუალება, გადასულიყო ოსმალებთან და გამოეცხადა მათთვის, რომ ამ დღიდან საქართველოს ტერიტორია იმყოფებოდა გერმანეთის ჯარების მფარველობის ქვეშ.

გამოგზავნილი გუნდი უნდა დარჩენილიყო ნატანებში. გერმანეთის ბაირაღი უნდა აღმართულიყო აგრეთვე ნატანების სადგურზედაც.

ამასთან მატყობინებდნენ, რომ გერმანელების მეორე გუნდი იგზავნებოდა სადგურ სამტრედიაში წესის დასაცავად, როდესაც ფოთიდან ტფილისში გამოივლიდნენ გერმანეთის სამხედრო ნაწილები.

ჩემ შეკითხვაზე – საიდან გაჩნდა ტფილისში გერმანეთის სამხედრო ნაწილები, შიკრიკმა მიპასუხა, რომ გერმანეთის რეგულარული ჯარების ჩამოსვლამდე ტფილისში შედგა მთელი ათასეული ადგილობრივი მცხოვრებ და ტყვე გერმანელებისაგან. ამ ათასეულიდან გამოიგზავნა ჩემს განკარგულებაში თითო გუნდი ნატანებში და სამტრედიაში”.

გერმანელების ჩარევა თურქეთის მხარემ უკანონოდ ჩათვალა, მაგრამ ძლიერი პარტნიორისათვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

ასე გადაურჩა საქართველო თურქეთის ოკუპაციას.

აქ მოყვანილია ორი თვალთახედვა, რომლებიც აღწერენ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესს პერიოდს. ორივე მათგანი ნამდვილად იმსახურებს ნდობას. თვალში საცემია, რომ მაზნიაშვილის მიერ აღწერილი მოვლენები დაახლობით ერთი თვით უსწრებს გერმანიის ოფიციალურ მონაცემებს. სავარაუდოდ ეს აიხსნება იმით, რომ რეალურად შეთანხმება გერმანიის და საქართველოს მთავრობებს შორის დაიდო უფრო ადრე, ვიდრე მაისში დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკებები.

რედაქთორი

დ-რი ჰარი აუგსტი

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский