რეპრესიების კვლევები

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”
საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი”
პროექტის ანგარიში
საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ეთნიკური გერმანელების სამოქალაქო
უფლებების რეაბილიტაცია

შესავალი. ისტორიული მიმოხილვა.

პირველი გერმანელი კოლონისტები ჩამოვიდნენ საქართველოში 1817 წლის ოქტომბერში. ეს იყო ეკატერინე II 1763 წლის მანიფესტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობდა რუსეთის იმპერიაში არსებული დაუსახლებელი მიწების ათვისებას ევროპელი კოლონისტების მიერ. შემდგომში 1804 წელს გამოვიდა ალექსანდრე I მანიფესტი, რომლის თანახმად კოლონისტებს უნდა სცოდნოდათ მევენახეობა ან მეაბრეშუმეობა ან სცოდნოდათ რაიმე ხელობა. გარდა ამისა მათ უნდა ჰყოლოდათ ოჯახი.
ქვემოთ მოყვანილ რუკაზე ნაჩვენებია XIX საუკუნის ბოლოს კავკასიაში არსებული გერმანული დასახლებები. აქვე მოყვანილია საქართველოში ამ დასახლებული პუნქტების თანამედროვე ტოპონიმიკა:
1. Georgstal-Neu Tiflis——————————- თბილისი, კუკია.
2. Alexandersdorf————————————- თბილისი, დიდუბე.
3. Elisabethtal- —————————————-ასურეთი.
4. Katarinenfeld (Luxemburg საბჭოთა დროს) —- ბოლნისი.
5. Traubenberg—————————————- თამარისი.
6. Petersdorf—————————————— სართიჭალა.
7. Marienfeld—————————————– სართიჭალა.

8. Freudental—————————————– აბასთუმანი.
9. Rosenfeld—————————————— საგარეჯო.
10. Marxheim—————————————- ბორჩალო, მარნეული.
11. Marabental————————————— ასურეთი.
12. Wiesental—————————————- თეტრი წყარო.
13. Hoffnungstal————————————- ახალშენი.
14. Grüntal——————————————- ვახტანგისი.
15. Waldheim—————————————- ბაშკეჩეტი, დმანისი.
16. Blumenfeld————————————— ბაშკეჩეტი, დმანისი.
17. Rosenberg—————————————- თრიალეთი, წალკა.
18. Scheinfeld—————————————– კოდიში.
19. Karaiaß——————————————– გარდაბანი
20. Gnadenberg————————————— სოხუმი
21. Lindau——————————————— სოხუმი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ გამოჩენილი ნორვეგიელი მწერლის კნუტ გამსუნის მოგონებები „მოგზაურობა ზღაპრულ ქვეყანაში”, სადაც ის აღწერს თავის მოგზაურობას საქართველოში და აზერბაიჯანში. მას გერმანული დასახლებები არ დაუთვალიერებია , მაგრამ ის აღნიშნავს, რომ დაბა წილკანში სასტუმროს მფლობელი იყო ეთნიკური გერმანელი.
რუსეთის იმპერიაში დასახლებული გერმანელები ორჯერ გახდნენ მძევლები რთული რუსეთ-გერმანიის (შემდგომში საბჭოთა კავშირის-გერმანიის) ურთიერთობებისა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას რუსეთში გაჩნდნენ ანტიგერმანული შავრაზმელების ორგანიზაციები. მათ მოაწყეს გერმანელების დარბევები მოსკოვში, პეტერბურგში, ოდესაში და სხვა ქალაქებში. მთავრობამ მიიღო ე.წ. „სალიკვიდაციო კანონები”, რომელთა თანახმად რუსეთის გერმანელები კარგავდნენ მიწებს 150 კილომეტრიან რუსეთ-ავსტრიის და რუსეთ-გერმანიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით ერთმა მილიონმა რუსეთის მოქალაქე გერმანელმა დაკარგა თავისი მიწები. შემდგომში მოსავლიანობის მკვეთრი შემცირების საშიშროების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებებმა შეაჩერეს ამ „სალიკვიდაციო კანონების” მოქმედება.
ჩატარებული იქნა გერმანელი კოლონისტების დეპორტაცია რუსეთის დასავლეთის ფრონტის მიმდებარე 150 კილომეტრიან ზოლიდან ქვეყნის შიდა რეგიონებში, ვოლგის გაღმა და ციმბირში. დეპორტაცია მიმდინარეობდა მე-3 კლასის ვაგონებით, თვით დეპორტირებულების ხარჯზე, ბადრაგის თანხმლებით. გზაში გადასახლებულების კვება ხდებოდა სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილი ნორმების მიხედვით.
საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, ფაშისტური ჯარის სწრაფი მოძრაობის გამო, საბჭოთა კავშირის გერმანული მოსახლეობის დეპორტაცია დაიწყო მხოლოდ 1941 წლის 28 აგვისტოს, როდესაც იყო გაუქმებული ვოლგისპირეთის გერმანელების ავტონომიური რესპუბლიკა. იმავდროულად ძალიან ბევრი გერმანელი კოლონისტი დარჩა უკრაინაში, საიდანაც დეპორტაცია მოხდა მხოლოდ ზაპოროჟიეს, სტალინოს (დონეცკის) და ვოროშილოვგრადის (ლუგანსკის) ოლქებიდან. ოკუპაციური ხელისუფლების შეფასებით, უკრაინაში დარჩა დაახლოებით 163 ათასი ეთნიკური გერმანელი.
საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის დაწყებისას საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო ეთნიკური გერმანელების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასახლება დასავლეთის მიმართულებით. ამას ეწოდებოდა „ადმინისტრაციული გადასახლება“. იგულისხმებოდა, რომ ისინი უნდა დაესახლებინათ პოლონეთისადმი წართმეული ტერიტორიის ნაწილში ადმინისტრაციული ცენტრით ქ. ლოძში. ამავე დროს ევაკუირებულ მოსახლეობას იყენებდნენ საველე სამუშაოებში.
ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოების მეთაურების იალტის კონფერენციაზე საბჭოთა ხელმძღვანელობამ მოახდინა მოკავშირეებზე უპრეცედენტო ზეწოლა და მიიღო მათგან ვალდებულება ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გადაეცა საბჭოთა ხელისუფლებისათვის ყველა გადაადგილებული პირი – საბჭოთა მოქალაქე. მოკავშირეების ეს დათმობა გახდა საბედისწერო ყველა გადაადგილებული ეთნიკური გერმანელისათვის. ისინი თითქმის უველანი შეგნებულად წავიდნენ დასავლეთისაკენ, ესმოდათ რა რეპრესიების გარდაუვალობა მათი მოხვედრისას საბჭოთა რეჟიმის ხელში. მთლიანობაში საბჭოთა კავშირში იყო დეპორტირებული 200 ათასამდე გერმანელი რეპატრიანტი. ითვლება, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩა დასავლეთში. ისინი, ვინც იყვნენ დაბრუნებულნი საბჭოთა კავშირში აღმოჩნდნენ „განსახლებულნი” ბანაკებში საბჭოთა კავშირის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კომის ასსრ-ში 10.131 ადამიანი.
სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების გადასახლება დაიწყო 1941 წლის 8 ოქტომბერს სსრკ თავდაცვის კომიტეტის ბრძანებით. შედგენილი სიების მიხედვით ყაზახეთში საქართველოდან უნდა გადაესახლებინათ 23.800, აზერბაიჯანიდან 22.741 და სომხეთიდან 212 ადამიანი. გარდა ამისა, შინსახკომის აღრიცხვაზე, როგორც ანტისაბჭოთა და საეჭვო ელემენტები, სამხრეთ კავკასიაში იყო 1842 ადამიანი, რომლებიც დააპატიმრეს.
ოჯახებს, რომლებიც ექვემდებარეოდნენ გადასახლებას, მოსამზადებლად ეძლეოდათ 48 საათი (ზოგჯერ მხოლოდ 10 სთ.) და ეძლეოდათ უფლება თან წაეღოთ 1 ტონა ტვირთი. სამართლებრივად (თუ საერთოდ შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება) გერმანელების დეპორტაცია საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილიდან ფორმდებოდა სსრკ თავდაცვის კომიტეტის დადგენილების სახით კომიტეტის თავმჯდომარის ი. სტალინის ხელმოწერით. მცირე ნაწილი ფორმდებოდა შინაგან საქმეთა კომისარიატის დადგენილებით ლ. ბერიას ხელმოწერით. ყველა დადგენილებებს ჰქონდათ გრიფი „სრულიად საიდუმლო“. მხოლოდ ის დადგენილებები, რომლებიც ეხებოდა ვოლგისპირელი გერმანელების ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმებას და მისი მოსახლეობის შემდგომ მოწყობას, ფორმდებოდა სსრკ უმაღლესი საბჭოს დადგენილების სახით.
ს.ვ. ოტლენის წიგნში „დრო-ჟამს არ ირჩევენ” მოყვანილია მონაცემები საქართველოს შსს არქივიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დეპორტირებული გერმანელების რაოდენობის შესახებ:
თბილისიდან და მიმდებარე რაიონებიდან გადაასახლეს 1549 ოჯახი, აფხაზეთიდან 261, აჭარიდან 6, სამხრეთ ოსეთიდან 12 და სხვა რეგიონებიდან 3.398 ოჯახი. თბილისიდან სტატისტიკა (მოყვანილია სულადობით) რაიონების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:

სტალინის (დიდუბის) რაიონი ———————- 1813 სული;
ლენინის (ნაძალადევის) რაიონი ———————1395 სული;
ბერიას (მთაწმინდის) რაიონი—————————257 სული;
ორჯონიკიძის (ვაკის) რაიონი—————————545 სული;
მოლოტოვის (ჩუღურეთის) რაიონი——————–176 სული;
კიროვის (კრწანისის) რაიონი —————————132 სული;
26 კომისრის (ისანის) რაიონი —————————460 სული.

საქართველოს რაიონების მიხედვით მოყვანილია გადასახლებული ოჯახების რაოდენობა:
აბაშის———————————————————-2 ოჯახი;
ადიგენის —————————————————–14 ოჯახი;
ამბროლაურის————————————————-3 ოჯახი;
ახალქალაქის ————————————————–3 ოჯახი;
ახალციხის —————————————————-35 ოჯახი;
ბაშკეჩეტის (დმანისის) ————————————-102 ოჯახი;
ბოგდანოვკის (ნინო წმინდის) ——————————-3 ოჯახი;
ბორჯომის —————————————————–57 ოჯახი;
გეგეჭკორის (მარტვილის) ———————————–28 ოჯახი;
გორის ———————————————————-16 ოჯახი;
გურჯაანის —————————————————-19 ოჯახი;
ზესტაფონის ————————————————–16 ოჯახი;
ზუგდიდის —————————————————48 ოჯახი;
ყარაიაზის (გარდაბნის) ————————————272 ოჯახი;
ქარელის ——————————————————–4 ოჯახი;
კასპის ———————————————————–3 ოჯახი;
ყვარელის ——————————————————10 ოჯახი;
ქვემო სვანეთის ————————————————-4 ოჯახი;
ქუთაისის ——————————————————-44 ოჯახი;
ლაგოდეხის —————————————————-10 ოჯახი;
ლანჩხუთის —————————————————–1 ოჯახი;
ლუქსემბურგის (ბოლნისის) ——————————1215 ოჯახი;
მახარაძის (ოზურგეთის) ————————————128 ოჯახი;
მაიაკოვსკის (ბაღდათის) —————————————1 ოჯახი;
ფოთის ————————————————————1 ოჯახი;
საგარეჯოს —————————————————–367 ოჯახი;
სამტრედიის —————————————————-17 ოჯახი;
სიღნაღის ———————————————————8 ოჯახი;
თელავის ——————————————————–11 ოჯახი;
თეთრი წყაროს ————————————————468 ოჯახი;
ტყიბულის ——————————————————15 ოჯახი;
ხარაგაულის —————————————————–9 ოჯახი;
ხაშურის ———————————————————-4 ოჯახი;
ხობის ————————————————————-3 ოჯახი;
ცაგერის ———————————————————–1 ოჯახი;
წალკის ———————————————————-341 ოჯახი;
წითელი წყაროს (დედოფლის წყაროს) ———————19 ოჯახი;
ცხაკაიას (სენაკის) ————————————————2 ოჯახი;
წყალყუბოს——————————————————-32 ოჯახი;
ჭიათურის ———————————————————6 ოჯახი;
ჩოხატაურის ——————————————————3 ოჯახი;
დაუდგენელი რაიონებიდან კიდევ ————————–53 ოჯახი.

მოყვანილი ცხრილები გვიჩვენებს, რომ თბილისში გერმანელების დიდი ნაწილი ცხოვრობდა დიდუბის (1813 სული), ნაძალადევის (1395სული) და ვაკის (545 სული) რაიონებში. საქართველოს რეგიონების მიხედვით კი ბოლნისის (1215 ოჯახი), თეთრი წყაროს (468 ოჯახი), საგარეჯოს (367 ოჯახი), წალკის (341 ოჯახი) და გარდაბნის (272 ოჯახი) რაიონებში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროს გერმანული ოჯახები ჯერ კიდევ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ის დასახლებები, სადაც გაშენდა პირველი გერმანული კოლონიები. ყველა ეს დასახლება არის აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ისინი კარგად კორელირებენ გერმანელების კოლონიების პირვანდელ განლაგებასთან.
სსრკ თავდაცვის კომიტეტის 1942 წლის 10 იანვრის დადგენილებით 15-50 წლამდე ფიზიკური შრომისადმი უნარიანი მამაკაცები (შემდგომში ქალებიც) გერმანელი გადასახლებულების „რაციონალური გამოყენებისათვის” მოხდა მათი მობილიზაცია ე.წ. “შრომით არმიაში”, სადაც გაუსაძლისი ყოფითი და შრომითი პირობების გამო დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი.
პირობები შრომით არმიაში აღწერილია ასოციაციის (გარდაცვლილი) წევრის ი. ბრაუნსბერგერის მოგონებებში, რომელიც მოყვანილია ს.ვ. ოტლენის წიგნში „დრო-ჟამს არ ირყევენ”:
„მე მოვხვდი ჩელიაბინსკში სატანკო ქარხნის მშენებლობაზე. ტერიტორია, რომელზეც ცხოვრობდნენ შრომისარმიელები იყო ნამდვილი „ზონა”: რამდენიმე ათასი ჰექტარი შემოღობილი ორი მწკრივი ეკლიანი მავთულით, რომელთა შორის იყო მოხნული მიწა, ყოველ 50 მეტრში კოშკები, საყარაულო ძაღლები. გვეძინა მიწურ ბარაკებში, ორიარუსიან ნარებზე, რომელთა შიშველი ფიცრები ირეოდა ბაღლინჯოებით, ყოველგვარი ლოგინის გარეშე. რეჟიმი იყო მკაცრი. ოთხ საათზე ადგომა. ყინვაზე ხანგრძლივი დგომის და მრავალჯერადი გადათვლის შემდეგ გავყავდით „ზონაში” ქარხნისათვის ქვაბულის სათხრელად. გაყინულ მიწას ვთხრიდით ძალაყინებით სამ მეტრზე. შუადღისას ხის კასრებით (ყოფილი საკანალიზაციო) მოჰქონდათ საჭმელი: ცივი სუპი (1 ლიტრ წყალზე 1 კოვზი ხორბალი) და 400 გრამი პური მთელი დღისათვის. ერთხელ მე გადავწყვიტე გამეთბო სუპი – ყარაულმა გამიფანტა ფეხით ნაფოტები და კარდალა. 30 გრადუსიან ყინვაში ვმუშაობდით დაბნელებამდე და სათავსოები იყო განკუთვნილი მხოლოდ ყარაულებისათვის. სამუშაოს შემდეგ კვლავ ყინვაზე მრავალჯერადი გადათვლა. თუ ვინმე გამოაკლდებოდა, ყველანი იცდიდნენ და ბარაკებში არავის არ უშვებდნენ. ესე გრძელდებოდა სანამ არ იპოვიდნენ, და პოულობდნენ გაყინულებს, გზაში გარდაცვლილებს… ვახშმად 1 ლიტრი წყალი, მაგრამ პურის გარეშე. მე მალე მომეყინა გაშავებამდე ხელები და ფეხები, დამემართა სრული გაუძლურება. ადამიანის ვარგისიანობას ადგენდნენ მარტივად – გახდიდნენ და თუ მას კიდევ ჰქონდა ხორცი – იყო ვარგისიანი, თუ დარჩა მარტო ძვლები – 30 პროცენტიანი ვარგისიანობა. ამ შემთხვევაში გადაჰყავდათ სპეც კვებაზე – 200 გრამი პური და წყალი ხორბლის გარეშე. ამას დიდხანს თითქმის ვერავინ უძლებდა”. მაგრამ 17 წლის ი. ბრაუნსბერგერი გადარჩა.
დ. კესნერის წიგნში აღწერილია, თუ როგორ მოიკლა თავი 16 წლის გოგომ, რომელიც მიჰყავდათ შრომით არმიაში. იგი გადახტა გემიდან ყინულიან წყალში.
მხოლოდ 1955 წლის დეკემბერში სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით, სპეცდასახლებაში მყოფი გერმანელები მოხსნეს აღრიცხვიდან და გაანთავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ზედამხედველობიდან. იქვე იყო მითითებული, რომ ამას არ მოჰყვება ჩამორთმეული ქონების დაბრუნება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება. ეს დადგენილება იყო შედეგი გერმანიის კანცლერის კონრად ადენაუერის ვიზიტისა მოსკოვში. ამას მოჰყვა საომარი მდგომარეობის შეწყვეტა და გფრ და სსრკ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. 1972 წლიდან დეპორტირებულ გერმანელებს მოეხსნათ შეზღუდვები საცხოვრებელი ადგილის არჩევაში და მიეცათ საშუალება, საპასპორტო რეჟიმის ფარგლებში, დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ ადგილებში. თბილისიდან გადასახლებული გერმანელები დაასახლეს რუსთავში. აგრეთვე გარდაბნის რაიონში დაარსდა სასოფლო დასახლება „ბოტანიკა”.
საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი” დაარსდა 1991 წლის აგვისტოში. ასოციაციამ დაარსებისთანავე დაიწყო ბრძოლა რეპრესირებულების უფლებების აღდგენაზე. სამართლებრივად ეს შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამოქალაქო რეაბილიტაციით და ღირსეული კომპენსაციის მიღებით.
საქართველოში არსებული სამართალდამცავი ორგანიზაცია „მემორიალი” აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 12 დერემბერს მიიღო კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი გულისხმობს ქონებრივი უფლებების აღდგენას, ხოლო მე-9 მუხლი – ფულად კომპენსაციას, რომლის გაცემის წესი უნდა დაერეგულიერებინა ცალკე კანონს, რომელიც დღემდე არ არის მიღებული. ამავე კანონის მე-13 მუხლი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სტატუსს ომის ინვალიდებისათვის განკუთვნილ შეღავათებს უტოლებს. ამ რეგულაციებიდან არცერთი არ შესრულდა, ხოლო რეპრესირებულების კომპენსაცია განისაზღვრა 7 ლარის ოდენობით.
საქართველოს მოქალაქეებმა, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლმა ძმებმა კილაძეებმა მიმართეს საქართველოს ყველა სასამართლო ინსტანციას ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნით და მიიღეს უარი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კი 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილებით დაავალა საქართველოს მთავრობას გადაუხადოს თითეულ მათგანს კომპენსაციის სახით 4.000 ევრო. იმავე დროს სასამართლომ გამოთქვა გაკვირვება იმის გამო, რომ საქართველომ (ჯერ კიდევ) არ გადაუხადა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ 1997 წელს დაპირებული კომპენსაცია და არც კი დაადგინა მათი ზუსტი სიები.
2011 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო 1997 წლის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს თბილისის საქალაქო სასამართლო (მთელ საქართველოში!) და ფინანსთა სამინისტროს ევალება კომპენსაციის გაცემა. სასამართლო კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს 200-400 ლარის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თვით საბუთების შეგროვება, თარგმნა და ნოტარიული დამოწმება მოითხოვს არანაკლებ 100 ლარის დანახარჯებს. უნდა ავღნიშოთ, რომ საბუთების გაფორმებაში რეპრესიების მსხვერპლებს უსასყიდლით ეხმარებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (და თვით სარჩელის შეტანაში ძმებ კილაძეებს დაეხმარა ეს ორგანიზაცია). რატომღაც ხელისუფლებას „დაავიწყდა” ესოდენ ფართოდ რეკლამირებულ ერთი ფანჯრის პრინციპი. ამ პირობებში ზემოაღნიშნული კომპენსაცია არის დამამცირებელი, ადამიანური ღირსების შემლახველი და მას „მორალური” არ შეიძლება ეწოდოს.

რამდენიმე კონკრეტული ოჯახის ბედი

ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს გვინდა კომენტარის სახით დაუმატოთ რამდენიმე ოჯახის ბედი, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოირჩევიან საერთო სიიდან.
ყველაზე ადრინდელი მსხვერპლი ამ სიაში არის თბილისის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ობერპასტორი რიჰარდ მაიერი. იგი დააპატიმრეს 1931 წელს და მალევე დახვრიტეს.

პასტორ მაიერი ოჯახთან ერთად

მისი მთელი ოჯახი გაანადგურეს. მხოლოდ მისმა შვილმა ფრიდა მაიერ-მელიკოვამ გაუძლო მრავალჯერად დაპატიმრებებს, გადასახლებებს და შრომით არმიას, რომლებიც გრძელდებოდა 60 წელი. შემდეგ დაბრუნდა თბილისში და 90-იან წლებში წავიდა საცხოვრებლად გერმანიაში. იგი არის ასოციაცია „აინუნგი”-ს წევრი. არის 108 წლის. ფ. მაიერ-მელიკოვა არის უსინათლო. მან გერმანიაში შეისწავლა ბრმების დამწერლობა, დაწერა და გამოსცა წიგნი „ცხოვრება პოლიტიკის წისქვილის ქვებს შორის”. ამ ოჯახის ისტორია მოყოლილია რეჟისორ ნინო კაკაურიძის შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში „ქართველი გერმანელები”, რომელიც გადაიღო საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა. ოჯახის ისტორია საკმაოდ დაწვრილებით აღწერილია აგრეთე წიგნში „გერმანელები საქართველოში”.
ბერლინის მუსიკალური აკადემიის და თბილისის კონსერვატორიის პროფესორის ფრანც კესნერის შვილის იური კესნერის ოჯახი იყო გადასახლებული ყაზახეთში დაბა სემიარსკში. მათ შესძლეს ნახევრად ლეგალურად, ეტაპობრივად, თანდათანობით, ომის დასრულების დროისათვის თბილისში დაბრუნება. ამის წინაპირობა იყო ის, რომ იური კესნერი გახლდათ კარგი ეკონომისტი და მუშაობდა რკინიგზის სამმართველოში. თუმცა ოჯახი შემდგომში მაინც ვერ გადაურჩა დაპატიმრებას თბილისში, რომელსაც, საბედნიეროდ, მალე დააღწიეს თავი. საინტერესოა, რომ ეს მოხდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III იმ ბრძანების თანახმად, რომლითაც მართლმადიდებლად მონათლული უცხოელები ითვლებოდნენ რუსებად. დიანა კესნერმა დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობდა სპეციალობით. ქალბატონმა დიანამ ასოციაცია „აინუნგ”-ში დააარსა გერმანული ახალგაზრდული თეატრალური სტუდია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობდა 5 წლის განმავლობაში. ამჟამად იგი ცხოვრობს კანადაში. მან დაწერა და გამოსცა, სხვა წიგნებთან ერთად, ძალიან საინტერესო ტრილოგია „ტიფლისური საგა”. ამ ტრილოგიის მესამე წიგნი „სიცოცხლის გზები” მიძღვნილია გერმანელების საქართველოდან ყაზახეთში დეპორტაციისადმი. სულ კესნერების ოჯახის ხუთი წევრი იყო დეპორტირებული, რომელთაგან ორი – ბებია და ბიძა არ დაბრუნდნენ. ბებია მალე გარდაეცვალა, ბიძა გაიწვიეს შრომით არმიაში, საიდანაც ის არ დაბრუნდა.
XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსებულ თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობდნენ გერმანიიდან ჩამოსული ზუსტ ხელსაწყოების მექანიკოსთა – ვეისების სამი თაობის წარმომადგენლები. პეტრე I დადგენილების თანახმად, ზუსტი ხელსაწყოების მექანიკოსის წოდება რუსეთის იმპერიაში ენიჭებოდა მხოლოდ გერმანული წარმოშობის პირებს. სამივე თაობის ვეისებს განათლება ჰქონდათ მიღებული გერმანიაში და ისინი პრაქტიკას გადიოდნენ მიუნჰენში სიმენსის ფირმაში. ფლორენტინ ვეისის ოჯახი, მიუხედავად ობსერვატორიის ხელმძღვანელობის მრავალი შუამდგომლობისა, 1942 წელს გადაასახლეს ყაზახეთში. ომის დასასრულს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ნ. მუსხელიშვილის შუამდგომლობით ფ. ვეისის ოჯახი დაბრუნდა თბილისში და ის აღადგინეს სამსახურში. გადასახლებული ოჯახი შესდგებოდა 11 სულისაგან. მათგამ ერთი იყო შრომით არმიაში.
ჩვენს ასოციაციაში ირიცხება ქალბატონი ლიუდმილა ანდრესკული (მალზამი) დაბადებული 1939 წელს. მისი დედა მარიამ მალზამი (დაბადებული 1915 წელს ოდესის ოლქში), შვილთან ერთად ცხოვრობდნენ ვოროშილოვგრადის (ლუგანსკის) ოლქში უკრაინაში 1942 წლის ივნისიდან 1943 წლის მარტამდე. 1943 წელს, მის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური ცნობის თანახმად, ისინი გადაიყვანეს ჯერ პოლონეთში და შემდეგ ვაიზენფელდში გერმანიაში. ეს იყო ე.წ. „ადმინისტრაციული გადასახლების” ფარგლებში. 1945 წლის აგვისტოში ისინი როგორც გერმანელები გადაასახლეს გულაგის ბანაკში კომი ასსრ-ში.
ჩვენს ისტორიულ მიმოხილვაში მოყვანილია იური ბრაუნსბერგერის მოგონება შრომით არმიაში ყოფნის შესახებ. იური ბრაუნსბერგერი ომამდე იყო როსტოვის არტილერიული სასწავლებლის კურსანტი, საიდანაც ის გარიცხეს 1941 წელს, როგორც გერმანელი და პირდაპირ სამხედრო კომისარიატმა მოახდინა მისი მობილიზაცია შრომით არმიაში. როდესაც ის „ჩამოწერეს” შრომით არმიიდან როგორც ფიზიკური შრომისადმი უვარგისი ის არალეგალურად, დიდი რისკის ფასად, გაემგზავრა სამხრეთ ყაზახეთში სოფელ სლავიანსკში, სადაც იყვნენ გადასახლებულები მისი მშობლები. იქ ის შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს მარგარიტა ჰენინგს, რომლის ოჯახი იყო გადასახლებული თბილისიდან. ოჯახის უფროსი იულიუს ჰენინგი იყო საქართველოში ცნობილი მოქანდაკე და ოჯახს ჰქონდა თბილისში საკუთარი სახლი. იური და მარგარიტა 1955 წელს ჩამოვიდნენ თბილისში და მარგარიტა მიიღეს სტუდია ქართლ ფილმში, მაგრამ მალე ისინი გაასახლეს თბილისიდან, ცხოვრობდნენ გაგრაში. 1972 წელს შესუსტდა აკრძალვები და ისინი დაბრუნდნენ თბილისში და მათ მოიგეს სასამართლო და დაიბრუნეს სახლი. სახლის დაბრუნება იყო ძალიან იშვიათი შემთხვევა, მითუმეტეს თბილისში. ალბათ სასამართლომ გაითვალისწინა მოქანდაკე იულიუს ჰენინგის დამსახურებები. მარგარიტამ გააშენა სახლის ეზოში კაკტუსების შესანიშნავი კოლექცია. ამ ოჯახის ისტორია დაწვრილებით აღწერილია წიგნში „დრო-ჟამს არ ირჩევენ”.
ძმები ალექსანდრე და გარი ჰაინეების ოჯახებიც იყვნენ დეპორტირებულები ყაზახეთში დაბა სემიარსკში. ალექსანდრე იყო გაწვეული შრომით არმიაში და იქ მუშაობდა ექიმად, რაც იმ პირობებში ოდნავ უკეთ მდგომარეობას ნიშნავდა, რადგან ის მკურნალობდა აგრეთვე ბანაკის ხელმძღვანელებს. როდესაც დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა, იქ მიავლინეს ჩელიაბინსკიდან გადასახლებაში მყოფი გერმანელების ჯგუფი და მათ შორის იყო ალექსანდრე ჰაინე. მან შვილთან ერთად გადასახლებაში გაჰყო რვა წელი. შემდგომში თბილისში ისინი კიდევ დიდხანს იყვნენ აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში. თბილისში დაბრუნების შემდეგ ის გახდა ცნობილი ნევროპათოლოგი დმუშაობდა განყოფილების გამგედ ნევროლოგიის ინსტიტუტში. ძმა გარი მუშაობდა ყაზახეთში ოტოლარინგოლოგად. შემდგომში გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და მუშაობდა რუსეთში.
სამხრეთ ოსეთიდან იყო დეპორტირებული 12 ოჯახი. მათ შორის იყო ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლის ჰაინრიხ ჰარმსის ოჯახი. ისინი მეგობრობდნენ რუდოლფ აუგსტის ოჯახთან. რუდოლფ აუგსტი, რომელიც მუშაობდა აგრონომად, 1941წლის 14 ოქტომბერს დააპატიმრეს, ვინაიდან ის იყო შინსახკომის სიაში, რომელშიც იყვნენ საბჭოთა რეჟიმისათვის განსაკუთრებით საშიში პირები. მას მიუსაჯეს 10 წლით ტავისუფლების აღკვეთა და იგი გარდაიცვალა 1942 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანში გადასახლების პუნქტში უიტლკ. ჰარმსების ოჯახი გადაასახლეს ყაზახეთში და ჰაინრიხ ჰარმსი გაიწვიეს შრომით არმიაში. აუგსტის და ჰარმსების ოჯახებს თითქმის ერთდროულად 1939 წელს შეეძინათ შვილები გარი აუგსტი და ედუარდ ჰარმსი. რუდოლფ აუგსტის მეუღლე ნინა მჭედლიშვილი შვილთან ერთად იმალებოდა ომის განმავლობაშ ნათესავებთან კახეთში და ამით გადაურჩნენ გადასახლებას.ედუარდ ჰარმსი მალე დაავადდა ცერებრალური პარალიჩით. ოჯახს არავითარი საშუალება არ ჰქონდა მიეღო სამედიცინო დახმარება და ედუარდი დარჩა ინვალიდათ. მარცხენა ფოტოზე არის ორი ოჯახი ბავშვებით

(რუდოლფ აუგსტი მარცხნივ), მეორეზე კი ჰარმსების ოჯახი ინვალიდი შვილით. სამოცდაათიან წლებში ჰარმსების ოჯახი დაბრუნდა ცხინვალში და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბრუნეს სახლი. შემდგომში ოჯახი ისევ დაბრუნდა ყირგიზეთში და იქიდან წავიდა გერმანიაში.

კვლევის შედეგები. ანალიზი.

როგორც იყო აღნიშნული, საქართველოში იყო რეპრესირებული სულ დაახლოვებით 23.500-მდე გერმანული წარმოშობის პიროვნება. მათ შორის იყვნენ როგორც სხვადასხვა დროს საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებულები, ასევე 1941 წელს დეპორტირებულები, ძირითადად ყაზახეთში. ცხადია, რომ ამ ხალხის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნება, თავისთავად, დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, ძირითადად საწხოვრებლის და სამუშაოს პოვნასთან. საცხოვრებლის დაბრუნება შესძლო დეპორტირებულების მხოლოდ მცირე ნაწილმა, რომლებსაც ჰქონდათ კერძო სახლები. იმ დროისათვის, როდესაც დაბრუნება ოფიციალურად იყო დაშვებული (1972 წ.), ბევრი გადასახლებული უკვე საკმაოდ კარგად იყო ინტეგრირებული გადასახლების ადგილებში. შემდგომში მათი დიდი ნაწილი გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში.
ასოციაცია „აინუნგში” დაარსების დღიდან რეგისტრირებულია 440-მდე რეპრესირებული გერმანელი (434 წარმოდგენილი ცნობებით) და ამას შეიძლება დავუმატოთ რამდენიმე ცნობილი ოჯახი, მაგალითად, კერერების ოჯახი. ამ სიიდან 99 არიან წევრები, რომლებმაც თავის დროზე შემოიტანეს სხვადასხვა ცნობები რეპრესიების შესახებ. მათთან ამჟამად კონტაქტი ვერ დავამყარეთ – ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც წასულია საცხოვრებლად გერმანიაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.
ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტში შევსებულია სულ 96 გამოკითხვის ფურცელი. ასოციაციის ამ წევრებიდან ჩვენი შეფასებით კომპენსაციის მიღების რეალური შანსი აქვთ 77 წევრს. 2014 წლის 1 იანვრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენი წევრების მიერ შეტანილია მხოლოდ 27 განცხადება. ამათგან კომპენსაცია მიღებულია 26 პოლიტრეპრესირებულზე. რამდენიმე (დეპორტირებულმა) განმცხადებელმა (არა ყველამ) მიიღო როგორც თავისი, ასევე გარდაცვლილი მშობლების კომპენსაცია. ასოციაციის ერთმა წევრმა – ვოლდემარ მაიერმა (სიაში № 38) პროტესტის ნიშნად კომპენსაცია (300 ლარი) არ აიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს არცერთ შეტანილ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი არ უთქვია.
კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ განცხადება კომპენსაციის მიღების შესახებ, მისი უაღრესად დამამცირებელი სიმცირის გამო, შეიტანა მხოლოდ ერთმა მესამედმა და ისიც ძირითადად თბილისელებმა. არის მხოლოდ თითო დაყმაყოფილი სარჩელი რუსთავიდან და ბოლნისიდან. ბათუმიდან განცხადება არ შეუტანიათ. ცხადია, რომ სარჩელის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა ქალაქებიდან დაკავშირებულია დამატებით სიძნელეებთან და ხარჯებთან, კერძოდ, თბილისში რამდენიმიჯერ ჩამოსვლა, რიგებში დგომა და ა.შ. და რასაც ე.წ. კომპენსაცია ნამდვილად არ ანაზღაურებს.
რამდენად შეიძლება ჩვენი კვლევების ექსტრაპოლაცია საქართველოში ყველა კატეგორიის მსხვერპლებზე? თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით 2014 წლის პირველ იანვრამდე (2011 წლის კანონის თანახმად ბოლო ვადამდე) სულ შეტანილია 8812 სარჩელი. სავარაუდოა, რომ შეტანილი განცხადებების რაოდენობა პროპორციულად მეტია ვიდრე ასოციაციის წევრების მიერ შეტანილი სარჩელების რაოდენობა. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ასოციაციის წევრები არიან ძირითადად რუსულენოვანები და მათთვის ეს პროცედურები დამატებით სიძნელეებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ამ კონტინგენტის ხანდაზმულობას, ორივე შემთხვევაში ესეც არის გასათვალისწინებელი.
მთავარი რეკომენდაცია, რომელიც გამომდინარეობს ამ კვლევიდან არის ის, რომ ახალ კანონში რეპრესირებულების ყველა კატეგორია იყოს მკაფიოდ გაწერილი, რათა არ იყოს საჭირო საკმაოდ რთული სარჩელის აღძვრა თბილისის საქალაქო სასმართლოში. ისინი ხომ უკვე არიან აღიარებულნი სასამართლოების მიერ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებად.
ამ კვლევის შედეგები იყო მოხსენებული 2014 წლის 26-28 ნოემბერს ბერლინში ჩატარებულ გერმანული უმცირესობების სამუშაო გაერთიანების (AGDM – Arbeitsgemeinschaft Deutscher Minderheiten) სემინარზე.
დასკვნა

საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი” ყოველწლიურად 8 ოქტომბერს საქართველოში ევანგელიურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიასთან ერთად მართავს რეპრესირებული გერმანელებისადმი მიძღვნილ საღამოს. წელს ამ ღონისძიებაზე ასოციაციის პრეზიდენტმა გარი აუგსტმა წარმოადგინა ამ კვლევის წინასწარი შედეგები. საღამოზე სიტყვებით გამოვიდნენ ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს იოაჰიმ კიდერლენი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ ურთიერთობათა საკითხებში პროფესორი სოფიო შამანიდი, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ქალბატონი ანა ბიოტჩერი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელი კობა ჩოფლიანი და საქართველოს ოსთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გაგლოევი.

როგორც ს.ვ. ოტლენის წიგნში, ასევე საზოგადოება “მემორიალი”-ს ინფორმაციით, მეტ-ნაკლებად ნორმალური კომპენსაციის გაცემა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთათვის მოხდა ყველა (გარდა საქართველოსი!) პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იან წლებში. გარდა ამისა, მოლდოვაში და სამივე ბალტიის სახელმწიფოებში ჩატარდა რესტიტუცია, ე.ი. კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩამორთმეული უძრავი ქონება.
ჩვენ გვინდა გამსაკუთრებით აღვნიშნოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამსახურება იმაში, რომ მათი დახმარებით და აქტიური მხარდაჭერით ძმებმა კილაძეებმა შეიტანეს სარჩელი და მოიგეს საქმე ადმიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. რა თქმა უნდა, სწორედ ეს დადგენილება გახდა საფუძველი კომპენსაციების შესახებ შემდგომი მუშაობისა. გარდა ამისა, საიამ უსასყიდლოდ უზრუნველყო 2011 წლის 19 აპრილის 1997 წლის კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად რეპრესირებულების მიერ შესატანი თითქმის ყველა სარჩელის მომზადება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ბოლო ინფორმაციით მზადდება კანონი, რომლის თანახმად, ერთჯერადი კომპენსაცია იქნება გაცემული 1000-2000 ლარის ფარგლებში, რაც არის დამოკიდებული გადატანილი რეპრესიის სიმძიმეზე. რა თქმა უნდა, ეს თანხა უფრო მისაღებია, ვიდრე სრულიად დამამცირებელი „მორალური კომპენსაცია”, რომელსაც გასცემდა წინა ხელისუფლება.
უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 31 ოქტომბრის №1/11/252 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საზოგადოება „მემორიალი”-ს სარჩელი და აღიარა, რომ პოლიტრეპრესირებულების სოციალური სუბსიდიის ოდენობა 1997 წლის კანონის თანახმად უნდა იყოს 44 ლარი და არა 7 ლარი, როგორც ეს დღეს არის მიღებული. სამწუხაროდ, არც წინა და არც ახალმა ხელისუდლებამ, მიუხედავად “მემორიალი”-ს არაერთი შეხსენებისა, არ შეასრულა საკონსტიტუციო სასამირთლოს ეს დადგენილება, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. საზოგადოება „მემორიალ”-ს უდავოდ მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში პოლიტრეპრესირებულების საკითხის გადაწყვეტაში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის გამყოფილების ყოფილი გამგის ოთარ კაპანაძის ძალიან დიდი დამსახურება საქართველოდან დეპორტირებული გერმანელებისადმი დაუზარავად და დიდი კეთილგანწყობით ინფორმაციის მიწოდებაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა წიგნი „დრო-ჟამს არ ირჩევენ”.
აქვე უნდა აღინიშნოს ის მოკრძალებული წვლილი, ამ საკითხის მოგვარებაში, რომელიც შეიტანა ასოციაცია „აინუნგ”-მა თავისი მრავალრიცსოვანი გამოსვლებით ტელევიზიასა და პრესაში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხს აქვს ძალიან დიდი მსოფლმხედველობითი მნიშვნელობა.
ეს კვლევა ეძღვნება იმ მრავალ-მრავალათასიან (რომელთა რიცხვი გულმოდგინეთ იმალება დღემდე მოსკოვში და თბილისშიც) ყველა ეროვნების მსხვერპლებს, რომლებიც თვით რეჟიმის არსებობის დროს დაიღუპა ციხეებში და „გულაგ”-ში და აგრეთვე დღემდე ნახევრადოფიციალურად მაინც ითვლება „ხალსის მტრად”. ამ ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მცირდება და, რომლებიც ამ საშინილი დაღით მიდიან ამ ქვეყნიდან. მათი დიდი უმრავლესობა ვერ ეღირსა ამ მცირე კომპენსაციასაც.

ლიტერატურა

1. რუსეთის გერმანელების ისტორია დოკუმენტებში. ( “История российских немцев в документах“. Составители Ауман В.А., Чеботарева В.Г., Москва, 1993).
2. “დრო-ჟამს არ ირჩევენ”. (С.В. Отлен „Времена не выбирают“, Тбилиси, 1998).
3. დ. შპრინგჰორნი. „გერმანელები საქართველოში”. გოეთეს ინსტიტუტი. თბილისი. 2004 (ქართულ და გერმანულ ენებზე).
4. „რუსეთის გერმანელების ისტორია” ( А.А. Герман, Т.С. Илларионова, И.Р. Плеве. „История немцев России”. Москва „МСНК-пресс“, 2005).
5. გ. აუგსტი. „საქართველოში გერმანელების ისტორიის საკითხები”. თბილისი, 2011.
6. ფ. მაიერ-მელიკოვა. „ცხოვრება პოლიტიკის წისქვილის ქვებს შორის”. (F.Maier-Melikowa. „Ein Leben zwischen den Mühlsteinen der Politik“. Schöndorf. 1997, 2007).
7. დ.კესნერი. „სიცოცხლის გზები”. (Д. Кесснер. „Дороги жизни”. Printrd by Morris Printing. Victoria, Canada. 2009).
8. გ. აუგსტი. „დეპორტაციიდან სამოცდაათი წლის შემდეგ”. ECMI კონფერენციის (ბაზალეთი, 2012) კრებული: „ეთნიკური ცვლილებები საქართველოში”. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
9. Г. Аугст. „Семьдесят лет после депортации“. АиФ-Тбилиси № 42, 2011.
http://gazeta.aif.ru/online/tbilisi/474/16_01
10. „ქართველი გერმანელები“. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი. 2013 წლის მაისი:
http://1tv.ge/video/18185
11. „გერმანელები… დიდი მოგზაურობა”: საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი. 2013 წლის ნოემბერი:
http://1tv.ge/video/19739

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский